ნემცოვი, ლიტვინენკო, მაგნიტსკი, ბერეზოვსკი, პოლიტკოვსკაია, ლებედი, სობჩაკი... ეს იმ ადამიანთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალნენ. ამბობენ, რომ მათი სიკვდილი სწორედ ვლადიმერ პუტინის სახელს უკავშირდება, მას ასახელებენ მკვლელობების დამკვეთად.
გასული კვირის ყველაზე ხმაურიანი ამბავი ბორის ნემცოვის მკვლელობა იყო. რუსი ოპოზიციონერი კრემლთან მოკლეს. ნემცოვი მოსკოვის ცენტრში სეირნობდა, რა დროსაც მას თეთრი მანქანიდან ოთხჯერ ესროლეს და ადგილზე გარდაიცვალა. ნემცოვის გარდაცვალების ფაქტს მსოფლიოს ლიდერები გამოეხმაურნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ის დააკლდება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ მთელ მსოფლიოს. ბორის ნემცოვის მკვლელობას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელს უკავშირებენ, ამბობენ, რომ ეს პუტინის შეკვეთილი მკვლელობა იყო. თავად რუსეთის პრეზიდენტი კი ნემცოვის დედას დაპირდა, რომ მისი შვილის მკვლელობას აუცილებლად გამოიძიებს.
პუტინის სახელს უკავშირდება, რუსი უფლებადამცველის, რუსეთის დემოკრატიული კავშირის დამფუძნებელის ვალერია ნოვოდვორსკაიას სიკვდილიც. ნოვოდვორსკაია პუტინის რეჟიმის წინააღმდეგი იყო და საკუთარ პოზიციას ყოველთვის ხმამაღლა აფიქსირებდა. ის გასული წლის ივნისში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი მარცხენა ტერფის ფლეგმონია, გართულებული სეფსისი გახდა. როგორც ცნობილია, სიკვდილი გამოიწვია ინფექციურ-ტოქსიკურმა შოკმა.
2010 წელს, სმოლენსკის ოლქში მომხდარმა ავიაკატასტროფამ მსოფლიო შეძრა. შემთხვევას პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე შეეწირა. 12 აპრილი კი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. თვითმფრინავში მყოფი 96 მგზავრიდან არავინ გადარჩენილა. ავარია მოხდა ძლიერი ნისლის პირობებში, როცა ტუ-154, რომელშიც კაჩინსკი იმყოფებოდა, სმოლენსკის აეროპორტში დაჯდომას ცდილობდა. კატასტროფის ადგილზე იმყოფებოდა ვლადიმერ პუტინიც. მოგვიანებით, პოლონეთის შს მინისტრმა ანტონი მოცარევიჩმა, სკანდალური განცხადება გააკეთა. მან განაცხადა, რომ პოლონეთის ოფიციალური პირების თვითმფრინავი პუტინის დავალებით მოხვდა ავიაკატასტროფაში.
"რუსეთის აგრესია არავის უნდა აკვირვებდეს. პოლონეთის ეროვნული ელიტა იმისდაგამო დაიღუპა, რომ პუტინი აგრესიისთვის ემზადებოდა. ჩვენი პოლიტიკოსები კი ამას ვერ ხედავენ", - განაცხადა პოლონეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ანტონი მოცარევიჩმა.
საინვესტიციო ფონდ Hermitage Capital-ის იურისტი სერგეი მაგნიტსკი 2009 წლის ნოემბერში მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. რუსეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა სპეციალურ საბჭო შექმნა, რომელმაც დაადგინა, რომ მაგნიტსკის დაკავება თავიდანვე უკანონო ქმედება იყო. თუმცა, რუსეთის შსს-მ საბჭოს დასკვნა არ გაითვალისწინა და საქმის გამოძიება იგივე ჩინოვნიკებს დაავალა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან მაგნიტსკის მკვლელობაში. ამის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და სენატმა იმ რუს ჩინოვნკებს დაუწესა ვიზებზე შეზღუდვა, რომლებიც სავარაუდოდ გარეულები იყვნენ მაგნიტსკის მკვლელობაში. ამ დოკუმენტს "მაგნიტსკის სია" უწოდეს. გარდაცვლილი სერგეი მაგნიტსკი, მოსკოვის ტვერის ოლქის სასამართლომ გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით დამნაშავედ ცნო. სასამართლომ გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით დამნაშავედ ცნო ფონდის ხელმძღვანელი, ბრიტანელი უილიამ ბროუდერიც. რუსეთის პროკურატურამ მისთვის დაუსწრებლად ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა მოითხოვა. მაგნიტსკის პროცესი რუსეთის ისტორიაში პირველ შემთხვევაა გარდაცვალების შემდეგ გასამართლებისა, მაგნიტსკის 2008 წელს წაუყენეს ბრალად გადასახადების გადაუხდელობა - მას შემდეგ, რაც მან გამოააშკარავა 230 მილიონი დოლარის მოცულობის საგადასახადო მაქინაციების კორუფციული სქემა, რომელშიც რუსეთის პოლიციისა და მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ოჯახი წაყენებულ ბრალს უარყოფს. ამბობენ, რომ მაგნიტსკი ცემით მოკლეს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოძახეს ციხეში სასწრაფო დახმარება. მისი გარდაცვალებიდან, ცოტა ხანში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა მაგნტსკის საქმის მთავარი მოწმე ალექსანდრე პერეპილიჩნი. აღსანიშნავია, რომ ექსპერტებმა გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ მოახერხეს და ამიტომ დამატებითი პროცედურების ჩატარება გახდა საჭირო.
2006 წელს 23 ნოემბერს 21.21 საათზე, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საავადმყოფოში გარდაიცვალა ФСБ-ს ყოფილი ოფიცერი ალექსანდრ ლიტვინენკო. საზოგადოებისთვის ლიტვინენკო ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც 1999 წელს, პირდაპირი ეთერით, თავის ოთხ თანამშრომელთან ერთად სკანდალური განცხადება გააკეთა, მან აღიარა რომ ФСБ ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის მკვლელობას გეგმავდა. 2001 წელს გამოვიდა მისი წიგნი, "ФСБ აფეთქებს რუსეთს". ლიტვინენკო წერდა, რომ ტერაქტები მოსკოვსა და რიაზანში პუტინს ჩეჩნეთში მეორე საომარი კამპანიის დასაწყებად სჭირდებოდა, წიგნი ბესტსელერად იქცა. ლიტვინენკო იძულებული გახდა, დიდი ბრიტანეთისთვის ეთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. ის ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობდა და ბერეზოვსკის ფონდის დაფინანსებით დამოუკიდებელ გამოძიებას ეწეოდა. 2006 წლის ოქტომბრის ბოლოს ლიტვინენკოს ლონდონში იტალიელი მარიო კარამელა დაუკავშირდა - ხელთ ჩამივარდა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომელშიც პოლიტკოვსკაიას მკვლელების გვარებიცაა მითითებულიო. შეხვედრა სუში-ბარში შედგა. რამდენიმე საათის შემდეგ ლიტვინენკომ თავი ცუდად იგრძნო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე დღეში კი გარდაიცვალა. გაჩნდა ეჭვი, რომ ის მოწამლეს. ექსპერტიზა სენსაციური შედეგი აჩვენა - გარდაცვლილის ორგანიზმში ძალზე ძლიერმოქმედი რადიაციული ნივთიერების, "პოლონიუმ-210"-ის ის რაოდენობა აღმოჩნდა, რომლის ღირებულება 30 მლნ ევროა. სპეციალისტებმა ლიტვინენკოს მკვლელობა ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულად აღიარეს. ლიტვინენკოს საქმის გამოძიება დიდი ბრიტანეთის ღირსების საკითხად იქცა. ალექსანდრ ლიტვინენკოს გარდაცვალებისთანავე მკვლელობის შემკვეთებად პუტინი და რუსეთის ხელისუფლება დასახელდა. ბოლო გამოძიება, რომელსაც ალექსანდრ ლიტვინენკო აწარმოებდა, სწორედ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა იყო.
2006 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში მოკლეს ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც წლების განმავლობაში ჩეჩნეთში რუსულ სისასტიკეს აკრიტიკებდა. ჟურნალისტის მკვლელობამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია რუსეთსა და ევროპაში. საზოგადოება ამაში ხელისუფლების კვალს ხედავდა, ობიექტურ გამოძიებას და დამკვეთების დასჯას ითხოვდა. პოლიტკოვსკაია გარდაცვლილი იპოვეს ლიფტში, მოსკოვის ცენტრში, 2006 წლის 7 ოქტომბერს. ცხედართან ერთადპოლიციამ აღმოაჩინა მაკაროვის ტიპის იარაღი.
თამარ ბოჭორიშვილი