მოსკოვის მერიაში უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ თითქოს ბორის ნემცოვის მკვლელობის ღამეს კრემლის მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო ვიდეოკამერები გამორთული იყო. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
"მოსკოვის მერიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი აცხადებს, რომ ყველა კამერა, რომელიც ქალაქის სათვალთვალო სისტემას ეკუთვის, 27 და 28 თებერვალს ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა", - წერია მერიის პრესსამსახურის განცხადებაში.
დღეს დილით გამოცემა "კომერსანტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბორის ნემცოვის მკვლელობის მომენტში, მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ნაწილი სარემონტო სამუშაოების გამო გამორთული იყო ან არ მუშაობდა კარგად. ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 27 თებერვალს, გვიან ღამით მოკლეს. რუს ოპოზიციონერს 3 მარტს მოსკოვში, ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ.