სოფლის საერთო საძოვრებზე, ბრუცელოზზე შეუმოწმებელი ცხვრის გაშვების გამო, ფერმერებს პასუხი მოეთხოვებათ. ამის შესახებ სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს კასპის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზურაბ პარკაძემ მუნიციპალიტეტის გამგებლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. სოფლის გამგებლებს ინსტრუქცია მიეცათ, თუ როგორ გამოავლინონ თავიანთ ტერიტორიულ ერთეულში ბრუცელოზის მატარებელი ცხვრები.
"ბრუცელოზის მატარებელი ცხვარი აუცილებლად ბერწი ხდება. მეპატრონეები ამას მალავენ, იმიტომ, რომ გამოვლენის შემთხვევაში მოუწევთ ცხვრის განადგურება. გთხოვთ, რომ დააძალოთ ფერმერებს, ცხვარს სისხლის ანალიზი აუღონ და ცნობა ჰქონდეთ", - განუცხადა პარკაძემ სოფლის ხელმძღვანელებს.
"მე როგორ გავიგო ცხვარი ბერწია თუ არა, გინეკოლოგი ხომ არა ვარ", - განაცხადა შეხვედრაზე ქვემო ჭალის ტერიტორიულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა მარეხ ყამბეგაშვილმა.