2012 წლის აგვისტოში, კახეთში, სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე ახმედ ჩატაევი, იგივე "ცალხელა ახმედა" ამჟამად სირიაში იმყოფება და ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ დაჯგუფებას "იარმუკს" ხელმძღვანელობს. ამ შენაერთში ჩრდილო კავკასიელი მოხალისეები იბრძვიან, ძირითადად ჩეჩნები, თუმცა მათ შორის არიან დაღესტნიდან და საქართველოდან - პანკისის ხეობიდან სირიაში წასული ახალგაზრდებიც.
ახმედ ჩატაევმა, რომელსაც სირიაში ახმად შიშანად მოიხსენიებენ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში სამწუთიანი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ჩვენს რეგიონზეც საუბრობს.
"მინდა სალამი გადავცე დაღესტნის ვილაიეთში მებრძოლ ჩვენს მოჯაჰედ ძმებს, რომლებმაც ერთგულების ფიცი დადეს. სალამი და ალაჰის წყალობა მათ მეთაურს, აბუ მუჰამედ კუდარელს. ამ ამბავმა ჩვენ ძლიერ გაგვახარა. მე მოვუწოდებ ჩვენს დანარჩენ ძმებს - შემოგვიერთდით, გავზარდოთ ხალიფატის ტერიტორია და ისლამის რელიგია. დავდგეთ ერთი დროშის ქვეშ", - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.
ახმედ ჩატაევი საქართველოს შსს-ს წარმომადგენლებმა ლოპოტას ხეობაში 2012 წლის 8 სექტემბერს დააკავეს. როგორც ცნობილია, ჩატაევი თბილისიდან ლოპოტას ხეობაში, 28 აგვისტოს, ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელობის თხოვნით იქამდე ჩავიდა, ვიდრე შსს ლაფანყურთან ახლოს სპეცოპერაციას დაიწყებდა. შსს-ს მაღალჩინოსნებმა მას ლოპოტას ხეობაში მყოფ შეიარაღებულ ჩეჩნებთან და ქისტებთან მოლაპარაკებაში ჩართვა სთხოვეს, თუმცა მოგვიანებით ჩატაევი სნაიპერმა დაჭრა. ჩატაევი ლოპოტას ხეობაში 10 დღის განმავლობაში დარჩა. მას ჭრილობა გაურთულდა და სიარული ვეღარ შეძლო, რის გამოც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს, თავისი ნებით ჩაბარდა. ჩატაევი დააპატიმრეს და გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას მარცხენა ფეხი მოკვეთეს. რამდენიმე თვის განმავლობაში ის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იყო მოთავსებული. მას ბრალად წარუდგინეს, რომ შეიარაღებული იყო. ჩატაევი თავს დამნაშავედ არ ცნობდა. რუსეთი კი მის ექტრადირებას ითხოვდა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი და კიდევ რამდენიმე საინფორმაციო საშუალება მის საქმეში არსებულ დარღვევებზე სისტემატურად აქვეყნებდნენ მასალებს.
2012 წლის 7 დეკემბერს ის პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
2013 წლის 18 იანვარს, მთავარმა პროკურატურამ ახმედ ჩატაევის მიმართ, დანაშაულის არ არსებობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ჩატაევს გირაოს სახით გადახდილი 5 ათასი ლარიც უკან დაუბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ავსტრიაში წავიდა, სადაც მას ჩეჩნეთიდან ლტოლვილის სტატუსი აქვს მიღებული.
34 წლის ახმედ ჩატაევი ცნობილი ჩეჩენი მებრძოლია. 2010-2012 წლებში ის "კავკასიის იმირათის" ხელმძღვანელის დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელი იყო ევროპაში.