ოზურგეთში გეი წყვილი ცხოვრობს. ისინი არაოფიციალურად დაქორწინებულები არიან, - ამ შინაარსის სტატია ადგილობრივმა გაზეთმა გამოაქვეყნა. სტატიას "იდენტობის" ხელმძღვანელის, ირაკლი ვაჭარაძის რეაქცია მოჰყვა. ვაჭარაძე მიიჩნევს, რომ გამოქვეყნებული სტატია პირდაპირ მიანიშნებს მკითხველს, რომ ჩაქოლონ ეს ადამიანები.
"ოზურგეთში გეი წყვილი ცხოვრობსო, დაასმინა ოზურგეთში გამომავალმა გაზეთმა "ალიონმა", 16 თებერვლის ნომერში ორი ადამიანი. როგორც მწერენ, არაოფიციალურად გაზეთი "ალიონი" ფინანსდება ოზურგეთის გამგებლის ბეგის სიორიძის მიერ. რედაქტორი ნუგზარ ასათიანი და საინფორმაციო სამსახურის უფროსი თემურ მარშანიშვილი ორივე არის ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის წევრიო.
ეს არის პირდაპირ მინიშნება რომ ჩაქოლონ ეს ადამიანები.
განახლება: დამატებით შევიტყვე, რომ ეს ორი ადამიანი მისულა რედაქციაში. რედაქციას პოლიცია გამოუძახებია, გვემუქრებიანო. ახლა აპირებენ ეს ორნი მუქარის ბრალდებით დააჭერინონ. აი ასე წარმატებულად მუშაობს ჰომოფობია. 5 წუთში გინგრევს ცხოვრებას", - წერს ირაკლი ვაჭარაძე.
წარმოდგენილია Fb.com-ზე საჯაროდ გამოქვეყნებული კომენტარი.