რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ბორის ნემცოვის მკვლელობის ვერსიებს ასახელებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბორის ნემცოვის მკვლელობის რამდენიმე ვერსია დაასახელა: პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით პროვოკაციული მკვლელობა, ისლამისტურ-ექსტრემისტული ვერსია და უკრაინაში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებული ქმედება. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
გამოძიების ცნობით, არსებობს ვერსია, რომ ნემცოვმა ისლამისტების მხრიდან მიიღო მუქარა პარიზში ჟურნალ "შარლი ებდოზე" განხორციელებული თავდასხმის დაგმობის გამო.
რაც შეეხება მკვლელობის უკრაინის კონფლიქტთან კავშირს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის, ვლადიმირ მარკინის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში არსებობენ რადიკალები, რომლებიც არც ერთ მთავრობას და პოლიტიკოსს არ აღიარებენ.
განიხილება ასევე ნემცოვის მკვლელობის მის სამეწარმეო საქმიანობასთან კავშირი და პირადი მტრობაც.
ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ასევე პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება და ეჭვიანობა.
უკრაინელი მოდელი ანნა დურიტსკაია, რომელიც ნემცოვის მკვლელობის მოწმეა, "ლაიფნიუსის" ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ შვეიცარიაში იმყოფებოდა. მისი მოსკოვიდან გამგზავრების მიზეზი ფეხმძიმობა გახდა, გოგონა პოლიტიკოსისგან ბავშვს ელოდებოდა. შვეიცარიაში ანნამ აბორტი გაიკეთა. არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონდა კონფლიქტს ანნას გამო. როგორც გამოცემა წერს, მისი ანონიმური წყარო სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსანია.
რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი გუშინ საღამოს კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე მოკლეს. მაშინ როდესაც ის ვახშმობის შემდეგ უკრაინელ მოდელ ანნა დურიტსკაიასთან ერთად სეირნობდა. მას ცეცხლი თეთრი "ფორდის" მარკის ავტომობილიდან გაუხსნეს. ნემცოვს ოთხი ტყვია ზურგის არეში მოხვდა, რის გამოც ოპოზიციონერი ადგილზევე გარდაიცვალა.
იხილეთ: ფოტოკადრები ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილიდან
იხილეთ ვიდეო: კამერებმა, სავარაუდოდ, ის ავტომობილი დააფიქსირეს, საიდანაც ბორის ნემცოვს ესროლეს