საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ალექსანდრე მაისურაძის, ხოლო საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე იოსებ ნანობაშვილის კანდიდატურები წარადგინა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ალექსანდრე მაისურაძე არის კარიერული დიპლომატი და მან თავისი კარიერა 1998 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო და მთელი მისი საქმიანობა ცენტრალურ აპარატში დაკავშირებული იყო უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველო-ნატოს ურთიერთობებთან.
2008-2012 წლებში ალექსანდრე მაისურაძე იყო ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე, 2005-2008 წლებში მუშაობდა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი დირექტორად. 2012 წლის თებერვლიდან დღემდე ალექსანდრე მაისურაძე მუშაობს ავსტრიაში საქართველოს საელჩოს და ევროპის უსაფრთოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ.
"ალექსანდრე მაისურაძე, როგორც ქართულ დიპლომატიაში, ასევე ექსპერტულ წრეებში ცნობილია, როგორც თავისი საქმის მაღალი პროფესიონალი და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მისი საქმიანობა ალიანსში, როგორც საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ძალიან ნაყოფიერი იქნება", - განაცხადა კერესელიძემ.
რაც შეეხება იოსებ ნანობაშვილს, დავით კერესელიძის თქმით, ისიც კარიერული დიპლომატია და გააჩნია საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. კერძოდ, იოსებ ნანობაშვილი 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე არის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ავსტრიაში, რუმინეთში, ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.
"იოსებ ნანობაშვილს აქვს დიდი გამოცდილება ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით და სხვადასხვა დროს მუშაობდა ცენტრალურ აპარატში სწორედ ევროკავშირთან ინტეგრაციის დეპარტამენტში. საბერძნეთი გახლავთ საქართველოს მეგობარი სახელმწიფო. ჩვენ ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს თანამშრომლობა მრავალი პრიორიტეტული მიმართულებით და იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალი ელჩი კიდევ უფრო გააქტიურებს ამ თანამშრომლობას", - განაცხადა კერესელიძემ.