"სოფელ მაღრაანის საბავშვო ბაღში შეტანილ ბრინჯში გარეცხვის დროს აღმოჩნდა შავი ფერის პატარა ჭიები. აღნიშნული ბრინჯი გარეცხვისა და გადარჩევის შემდეგ ბავშვებს საკვებად მისცეს", - აღნიშნულია ახმეტის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა.
დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია სხვა დარღვევებზეც: "შემოწმებით დადგინდა, რომ 2014 წლის 14 სექტემბერს სოფელ ქვემო ალვანის N1 და სოფელ ჯოყოლოს საბავშო ბაღებში შეტანილი ჰერკულესი იყო ხმარებისათვის უვარგისი, რაზედაც მიეთითა ი/მ "მარია ბექურიძეს", რომ მოეხდინა ხმარებისათვის უვარგისი ბურღულეულის სასწრაფოდ შეცვლა. მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ 14 სექტემბერს საკვებისათვის უვარგისი ჰერკულესი და მანიკრუპა 11 საბავშო ბაღში სხვადასხვა რაოდენობით შეიტანეს, რომელიც შემდგომში შეიცვალა საკვებად ვარგისი, ხარისხიანი ჰერკულესით და მანიკრუპით. აღნიშნული საბავშვო ბაღის გამგეებს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტებები, სადაც განმარტეს, რომ ხმარებისათვის უვარგისი ჰერკულესი და მანიკრუპა ბავშვების საკვებად არ გამოუყენებიათ და ის კვებისთვის ვარგისი ჰერკულესით და მანიკრუპით შეიცვალა.
მხოლოდ სოფელ მაღრაანის საბავშო ბაღის გამგე ქ. ყორბეზაშვილმა განმარტა, რომ 2014 წლის 13 სექტემბერს შეტანილ ბრინჯში გარეცხვის დროს აღმოჩნდა შავი ფერის პატარა ჭიები. აღნიშნული ბრინჯი გარეცხვისა და გადარჩევის შემდეგ მიეცათ ბავშვებს საკვებად. ბაღის ადმინისტრაცია საბავშო ბაღების ცენტრს იმიტომ არ დაუკავშირდა, რომ მიღებული ბრინჯი იყო მცირე რაოდენობის.
საბავშვო ბაღების გაერთიანებასა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშკრულების თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია "უზრუნველყოს მიწოდებული საქონლის ინსპექტირება და დადებითი შეფასების შემთხვევაში მისი მიღება". აუდიტორის დასკვნით, მოცემულ შემთხვევებში უხარისხო ბურღულეულის მიღების ფაქტი არა ინსპექტირების ჯგუფმა, არამედ საბავშვო ბაღის მუშაკებმა გამოავლინეს.
იხილეთ ვრცლად