ბათუმში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დედისგან მიტოვებული ჩვილი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 8 თვის ჩვილი დედამ ნაქირავებ ბინაში მიატოვა, თავად კი 26 თებერვალს საქართველოდან თურქეთში გაემგზავრა. "შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ბათუმში, მესხეთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დედისგან მიტოვებული ჩვილი იმყოფებოდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადნენ. როგორც გაირკვა, 8 თვის ჩვილი დედამ ნაქირავებ ბინაში მიატოვა, თავად კი 26 თებერვალს საქართველოდან თურქეთში გაემგზავრა", - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სასწრაფრო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები გამოიძახეს. შესაბამისი პროცედურების შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"8 თვის გოგონა ამ დროისთვის მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნავენ უწყებაში.