"მე ვიზიარებ იმ თანამედროვე მიდგომებს და დასკვნებს ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით, რასაც ავტორიტეტული სამედიცინო ორგანიზაციები ამბობენ, თუმცა, აქვე ვაღიარებ, რომ იმ თაობის წარმომადგენელი და პროდუქტი ვარ, რომლისთვისაც ეს სასიამოვნო თემა არ არის", – განუცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ "17 მაისს".
ბობოხიძის თქმით, საქართველოში ბევრი ღირსეული და ისტორიული პიროვნება ჰომოსექსუალი იყო.
"მე არ ვთვლი, რომ ეს ავადმყოფობა ან რაიმე სახის გადახრაა. მე მყავს ჰომოსექსუალი მეგობრები, ნაცნობები და ისიც ვიცი, რომ საქართველოს ძალიან მაგარი და ღირსეული ჰომოსექსუალი შვილები ჰყავდა, რომლებმაც ქვეყნის ისტორიაში სერიოზული კვალი დატოვეს", – განუცხადა პარლამენტის წევრმა "17 მაისს".
საპარლამენტო უმცირესობის წევრს მიაჩნია, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში ჰომოსექსუალი პირი წარმოუდგენელი სულაც არ არის. ბობოხიძის განმარტებით, ასეთი საქართველოს ჰყავდა კიდეც.
"ხელისუფლების სათავეში ჰომოსექსუალი პირი წარმომიდგენია კი არა წარმოდგენილი გვყავდა კიდეც", – განაცხადა ბობოხიძემ.