როგორც უკვე ვწერდით, "პალიტრა ტვ"-ს ეთერში პოპულარობით სარგებლობს გადაცემა "მიმიხვდი". პოზიტიური და სახალისო შოუა და ამიტომაც არის, რომ სიამოვნებით ელოდებიან და უყურებენ.
დღეს პარასკევია და აღნიშნული შოუს მეორე სეზონი იწყება. წყვილები ერთმანეთს მიხვედრილობასა და სისხარტეში შეეჯიბრებიან.
ამ თემაზე გადაცემის წამყვანი თამთა ასათიანი გვესაუბრება:
-დავამთავრეთ პირველი სეზონი, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. სოციალურ ქსელშიც გაჩნდა ამის იდეა და ზოგადად, მაყურებელის მოთხოვნით, ვიწყებთ მეორე სეზონს. ამასთან, განებივრებულებიც არ ვართ ასეთი ხალისიანი, გასართობი გადაცემებით და ამიტომ ჩვენმა პროდიუსერებმა, არხის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მეორე სეზონიც დაგვეწყო.
- ვიცი, პროექტს ბევრი მაყურებელი ჰყავს...
- ცოტაოდენი ცვლილება შევიტანეთ: მეორე ტური ანუ გამოცნობა ამოვიღეთ და "ბონუსტური" დავამატეთ, ეს ტური წყვილს ეხმარება, წინ მეტად წაიწიოს, ანუ მესამე ტურში შანსი ეძლევა, ბონუსად ქულები დააგროვოს.
- უფრო კონკრეტულად რომ ავხსნა, რა ხდება ამ ტურში?
- ერთ-ერთ წყვილს ყურსასმენებს ვუკეთებთ, სადაც მაღალ ხმაზე ელექტრონული მუსიკა ესმის და სამი წუთის განმავლობაში მისმა მეწყვილემ სიტყვები პირის მოძრაობით, მუსიკის ფონზე უნდა გამოიცნოს, თუ რა სიტყვას ეუბნება მეწყვილე. სამი წუთის განმავლობაში, რაც მეტ სიტყვას გამოიცნობს, იმდენი 2 ქულა ეწერებათ. ჯერჯერობით პირველი გადაცემა ჩავწერეთ, რომელიც ძალიან სახალისოდ წარიმართა, ანუ თვითონ ჩაწერის პროცესი. ველოდით კიდეც, რომ მესამე ტური მხიარული და სახალისო გამოვიდოდა და პრინციპში, ასეც მოხდა, მონაწილეებმა, გადამღებმა ჯგუფმა, ჩაწერის დროს ბევრი ვიცინეთ და დარწმუნებული ვარ, მაყურებელიც ძალიან გაერთობა.
- ვინ იყვნენ პირველი გადაცემის მონაწილეები?
- მუსიკოსების - რატი დურგლიშვილისა და მაიკო კაჭკაჭიშვილის წყვილი, მსახიობები - ნატუკა გულისაშვილი და ტატო ჩახუნაშვილი, ბესო სოლომონაშვილი, "ჩემი ცოლის დაქალებიდან" და მაია ლომიძე.
- მსახიობებით მეტად დაგიკომპლექტებიათ...
- კი, ასე მოხდა, მაგრამ მაიკო და რატიც ხომ იყვნენ? ანუ მუსიკოსები. ის, რომ არტისტები ჭარბობენ, ეს სპეციალურად არ გაგვითვლია. თავისთავად დაემთხვა, თუმცა გვყავდა მომღერლებიც, მაგრამ გადაცემამ და გამოცდილებამ აჩვენა, რომ მათ ეს შოუ მეტად უადვილდებათ და უმარტივდებათ.
- ეს მათ პროფესიასთან ძალიან ახლოა...
- კი, ასეა. ყველაფერი მიმიკასა და ჟესტიკულაციაზეა დამოკიდებული. თან, სწორედ ამით არის ეს ტური დატვირთული, ანუ რაზეც ვილაპარაკეთ. სხვათა შორის, აღნიშნული პირველი გადაცემიდან ამოვჭერით პატარ-პატარა ფრაგმენტები და ინტერნეტში გავავრცელეთ. მაყურებლის დიდი ინტერესი, მოწონება დაიმსახურა. ასე რომ, ტელეეკრანებთან და ჩვენს არხზე დღეს ყველას ველოდებით. შოუს მეორე ტური პალიტრა ტვ-ს ეთერში 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. პრინციპი იგივეა - გამარჯვებული წყვილი ჯერ ნახევარფინალში გადავა, შემდეგ - ფინალში.
- სულ რამდენი გადაცემა უნდა ჩაწეროთ?
- 9 გადაცემა, საიდანაც 9 წყვილი შეირჩევა, რომელიც წარმატებით გაართმევს თავს შესარჩევ ტურს, მათგან სამი გამოვლინდება და იქიდან ფინალში ერთი გადავა. გამარჯვებული ჩვენი ტურისტული პარტნიორი სააგენტოსგან დასასვენებელი საგზურით დასაჩუქრდება.
- როგორც წამყვანისთვის, რა არის ეს გადაცემა შენთვის?
- ჩემი მოვალეობა ის არის, რომ ეს მოთამაშეები გავამხნევო, მაქსიმალურად დავეხმარო და ყველაფერი გავუკეთო იმისთვის, რომ გავუმარტივო თამაში. ეს გადაცემა უკვე ისე შემიყვარდა და ისე აქტიურად ჩავერთე, რომ რა გითხრათ. ამიტომ, მიხარია, რომ მომეცა შანსი, რომ ის მე წამეყვანა. დიდი სურვილი მაქვს, მეც ვითამაშო, ისეთი აზარტულია, მაგრამ ჯერ ამის საშუალება არ არსებობს. მოკლედ, შოუში როგორც მონაწილე, ისე ვერთვები.- გამონაკლისის სახით ეხმარები თუ არა მოთამაშეებს?
- პროდიუსერი მეუბნება, რომ დავეხმარო, როცა დარწმუნებულები ვართ, რომ მოთამაშემ იცის ესა თუ ის გამოსაცნობი სახელი. წამზომი მათზე ცუდად მოქმედებს, რადგანაც იმ დროს ღელავენ. ამ შემთხვევაში, თუ გვარი თქვა და სახელი არ ახსენდება, ვახსენებ და ვეხმარები. ასეთი პატარ-პატარა მინიშნებების ნებას პროდიუსერი მრთავს.
- რამდენად მიხვედრილები და სხარტები არიან ჩვენი მოთამაშეები?
- ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ 14 პასუხიც გამოუცვნია. ზოგი ნელა, დინჯად ხსნის, ზოგი სხარტია. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. თუმცა თავს ართმევენ. როცა პირველი ტური სრულდება, უკვე გარკვეული წარმოდგენა მექმნება ხოლმე, ვინ შეიძლება გახდეს გამარჯვებული. პირველ სეზონზეც სწორედ ჩემი ფავორიტი წყვილები მოხვდნენ ფინალში და ძლიერი ფინალი გამოვიდა.
ახლა ვნახოთ, რა იქნება დღეს, მეორე სეზონის პირველი გადაცემაა და ყველას ეკრანებთან გელოდებით. სიცილი და დიდი მხიარულება გელით.
ლალი ფაცია