დღევანდელი ბლიც-ინტერვიუ ეხება მამაკაცებში სექსუალური თავშეკავების გავლენას უროლოგიურ და რეპროდუქციულ სისტემაზე. კითხვებს პასუხობს უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ალეკო ხელაია.
1. მამაკაცებში სექსუალუერი ურთიერთობისგან თავშეკავება შეიძლება თუ არა გახდეს რომელიმე უროლოგიური პათოლოგიის საბაბი და თუ კი - კერძოდ რომლის?
- სექსუალური ურთიერთობისაგან სისტემატურმა თავშეკავებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის დარღვევა მცირე მენჯის ვენებში, რაც თავის მხრივ აფერხებს წინამდებარე ჯირკვლის – პროსტატის აცინუსების (აცინუსი - სტრუქტურული ერთეულია, სადაც გროვდება პროსტატის სეკრეტი - წვენი) დრენირებას ანუ დაცლას. ეს ხელს უწყობს ასეპტიურ არაინფექციურ ანთებას – კონგესტიურ პროსტატიტს. პროსტატიტის განვითარება ხელს უწყობს წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციების გაუარესებას. მოგეხსენებათ, რომ წინამდებარე ჯირკვალს რამოდენიმე ფუნქცია გააჩნია: 1. მოტორული, 2. ბარიერული, 3. სეკრეტორული.
დღეს უკვე აქსიომაა, რომ კონგესტიურ პროსტატიტს იწვევს სექსუალური ურთიერთობების დისრიტმია (რიტმის დარღვევა).
მეტიც, თუ ჩვენ საქმე გვაქვს ინფექციურ პროსტატიტთან, სექსუალური ურთიერთობებისგან თავშეკავება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პათოლოგიური პროცესების გაღრმავებას.
2. სექსუალური ურთიერთობისგან თავშეკავება აისახება თუ არა მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე, თუ კი - როგორ?
- ქრონიკული პროსტატიტის შემთხვევაში ხშირია მამაკაცის სასქესო ჰორმონის – ტესტოსტერონის შემცირება ხისხლში, მატულობს ქალისათვის დამახასიაებელი ჰორმონები – ვითარდება ჰიპერესტროგენემია, რაც აუარესებს პროსტატაში აღდგენით პროცესებს და აღრმავებს დისტროფიულ მოვლენებს.
როგორც მოგახსენეთ, პროსტატიტის დროს ირღვევა პროსტატის ბარიერული და სეკრეტორული ფუნქციები. ბარიერული (დამცავი) ფუნქცია განპირობებულია პროსტატის წვენში (სეკრეტში) თუთიის, ლიზოციმის, უჯრედული იმუნიტეტის ფაქტორების და სხვა ნივთიერებების არსებობით. ამ ბიოაქტიურ ნივთიერებებს მკეთრად გამოხატული ანტიბაქტერიულ ეფეტი აქვთ, რაც აჩერებს ინფექციის გავრცელებას, თუნდაც სათესლე ბუშტუკებში (ვეზიკულიტი).
რაც შეეხება სეკრეტორულ ფუნქციას, პროსტატის უჯრედებში გამომუშავდება ლიმნის მჟავა, რასაც მნიშვნელოვანი როლი აქვს სპერმატოზოიდების მოძრაობაში და მათ განაყოფიერებისუნარიანობაში.