ბიზნესმენები ზარალს ითვლიან - ლარის გაუფასურების ჯაჭვური რეაქცია მომხმარებლის ჯიბიდან სახელმწიფოს ჯიბემდე

ბიზნესმენები ზარალს ითვლიან - ლარის გაუფასურების ჯაჭვური რეაქცია მომხმარებლის ჯიბიდან სახელმწიფოს ჯიბემდე

დღევანდელი მდგომარეობით ქვეყანაში ეროვნული ვალუტის 30 %-იანი გაუფასურება ფიქსირდება, რაც მცირე და საშუალო ბიზნესზე ნეგატიურად აისახება. ნედლეულის უმეტესი ნაწილი ქვეყანაში იმპორტირებულია, მეწარმეებს კი დოლარით შეძენილ პროდუქციაზე ფასის გაზრდა უწევთ. ისინი კი, ვინც ფასს არ ზრდის, მოგების მარჟის შემცირებით ცდილობს დააბალანონს ხარჯები. გარდა ამისა, ზურგზე მძიმე ტვირთად აწევთ კრედიტები დოლარში, გაზრდილი იჯარა და შემცირებული რეალიზაცია.

დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ლარის გაუფასურების ასახვა იმპორტის მაჩვენებელზე უკვე დაწყებულია. მისივე განმარტებით, იმპორტის შემცირება ნიშნავს ნაკლებ მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე, რის შესაბამისადაც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზით, უახლოეს მომავალში ლარი უნდა დასტაბილურდეს.

ლარის დასტაბილურების მოლოდინში მცირე და საშუალო ბიზნესით დაკავებული მოსახლეობა ზარალს ითვლის. ambebi.ge დაინტერესდა, როგორ აისახა ლარის 30%-იანი დევალვაცია მცირე და საშუალო ბიზნესზე და რა შედეგებს შეიძლება ველოდეთ უახლოეს მომავალში.

ალექსანდრე მინდიაშვილი მცირე მეწარმეა. როგორც ამბობს, თუ აქამდე 1 კილოგრამ ყავას 7 ლარად ყიდულობდა, ახლა უკვე მზა პროდუქციის ფასი ნედლეულის ფასს გაუტოლდადა სარეალიზაციო ფასი ერთ კილოგრამზე ორი ლარით გაიზარდა.

"საქართველოში ეს ნედლეული იმპორტირებულია. თუ აქამდე ერთ კილოგრამ ყავას ვყიდულობდი 7 ლარად, რომლის სარეალიზაციო ფასი 9-10 ლარი იყო, ახლა უკვე ნედლეულის ფასი მზა პროდუქციის ფასს დაეწია, - ვყიდულობ 9 ლარად, სარეალიზაციო ფასი კი ერთ კილოგრამზე 2 ლარით გაიზარდა. თუმცა ეს არ არის მაქსიმალური ზღვარი, ხვალ და ზეგ რა იქნება, არავინ იცის.უკვე ვფიქრობ, თავი დავანებო ყავის ბიზნესს და ალტერნატიულ ბიზნესზე ვიფიქრო, თუმცა ასეთი ადვილი ხომ არ არის კონკურენციის გაწევა სხვა კომპანიებისთვის".

ცნობილია, რომ დღესდღეობით მეწარმეების საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება ბაკნებს, თუმცა სამწუხაროდ ირკვევა, რომ მათ დიდ ნაწილს სესხები არა ეროვნულ ვალუტაში, არამედ დოლარში აქვს. ლარის დევალვაციის ფონზე კი მათი ვალდებულება ბანკების მიმართ საშუალოდ თვეში 400-500 ლარით გაიზარდა:

ვასილ ფეიქრიშვილი საკონდიტრო ნაწარმით ვაჭრობს, თუმცა მომატებული საკრედიტო გადასახადისა და ფართის გაზრდილი ქირის გამო, ამ თვეში უკვე 1500 ლარის ზარალი მიადგა:

"მაქვს სესხი დოლარში, 400-500 ლარით მეტის გადახდა მიწევს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი კურსი შენარჩუნდა. მყიდველი თავს იკავებს პროდუქციის შეძენისგან და ელოდებიან სიტუაციის დასტაბილურებას. მყავდა მუდმივი კლიენტები, რომლებიც ბოლო 1 კვირაა აღარ გამოჩენილან. გარდა ამისა, ფართის გადასახადი 200 ლარით გამეზარდა. საერთო ჯამში, ამ თვეში მინიმუმ 1500 ლარი ვიზარალე. აზრი არ აქვს ფასის მომატებას, თუ სიძვირის გამო მყიდველი აღარ გვეყოლება", - ამბობს შპს "ბისვითის" დირექტორი, ვასილ ფეიქრიშვილი.

ექსპერტ ირაკლი ლექვინაძის აზრით, იმპორტიორებს ფასების კორექტირება მოუწევთ, ვინაიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის უმეტესობა ფიქსირებულია დოლარში. უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესმენებს, რომლებსაც საიჯარო თანხის დოლარში გადახდა უწევთ, ხარჯი საშუალოდ 30%-ით გაეზარდათ:

"ეროვნულ ბანკის მხრიდან უფრო ადრე უნდა მომხდარიყო ინტერვენცია, უფრო ხშირი კომუნიკაცია უნდა ჰქონოდა სამთავრობო უწყებებთან, მაგრამ ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ მხოლოდ რეზერვების ხარჯზე უნდა შეემცირებინათ ლარის დევალვაცია, რადგან ამას მოკლევადიანი ეფექტი ექნებოდა. საგარეო შოკების გავლენა იმდენად დიდია, რომ ამის შეჩერება მხოლოდ ინტერვენციებით შეუძლებელია. ვფიქრობ, ეს პროცესი უახლოეს მომავალში დასტაბილურდება და ახალი წონასწორობის ნიშნული ნაკლები იქნება. საინვესტიციო აქტივობების ზრდა, საგარეო ვალდებულებები და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ეს პროცესი მართული იქნება", - განუცხადა ირაკლი ლექვინაძემ ambebi.ge-ს.

ერთი რამ ცხადია, ლარის გაუფასურებით იზარალა როგორც რიგითმა მომხმარებელმა, ასევე ბიზნესმა, რომელსაც დღეს ხარჯები გაეზარდა და ხვალ შეიძლება, თანამშრომლების შემცირების აუცილებლობის წინაშე დადგეს, ეს კი, ბუნებრივია, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელს ზრდის. მოკლედ, ლარის დევალვაციას ჯაჭვური რეაქცია აქვს მომხმარებლის ჯიბიდან სახელმწიფოს ჯიბემდე. დღეს ჩვენი შემცირებული შემოსავალი, ხვალ შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკის შესუსტების მიზეზი გახდეს. 

სალომე შიხაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია