ირაკლი ტაბლიაშვილმა 25 თებერვალთან დაკავშირებით, "ფეისბუქზე" სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები განიხილა და რუსეთის ინტერესების გამტარებელ ადამიანებზე ისაუბრა:
"25 თებერვალიც დადგა!
სამის წუთებია ახლა - ღამე!
მიზეზთა გამო არ მეძინება - საერთოდაც, უძილობა დამჩემდა ამ ბოლო დროს.
მოკლედ, ვწერ მორიგ სტატუსს.
1921 წლის 25 თებერვალს რაც მოხდა - ვიცით.
ვიცით ისიც, რომ 1991 წელს აღდგა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ისტორიული მტერი მას შემდეგაც გვძიძგნის.
ორი ტერიტორია უკვე წართმეულ-წაღლეტილ-წაგლეჯილი აქვს, ვიტყოდი ასე - ხალხიანა!
ტერიტორიები, რა თქმა უნდა, პრობლემაა, მაგრამ, არანაკლები (და იქნებ მეტიც) პრობლემაა ხსენებული ხალხი - ძალიან გაგვიჭირდება იმ ადამიანების შემორიგება, ვინც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობს. ბევრი სისხლია ჩვენ შორის და არც საკმარისი დროა გასული, რომ ეს ყველაფერი დავივიწყოთ.
თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა ვცადოთ... და ჩვენც და მათაც უნდა გამოვკვეთოთ ჩვენი საერთო მტერი - რუსეთი, რომელმაც დაგვაშორა ერთმანეთისგან... რომელმაც გვასროლინა ერთმანეთისათვის და გვესროლა ორთავეს.
ამ - შერიგება-შემორიგებაზე დიდი პრობლემაა საკუთრივ ჩვენში, ჩვენ საზოგადოებაში მიმდინარე წვისა და დაგვის - დუღილის პროცესი.
2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა არა მხოლოდ ის ხელისუფლება, რომელიც ზოგ ჩვენგანს მოსწონს და ზოგსაც პირიქით - სძულს, არამედ, რეალურად, წარმოჩნდა ჩვენი - საზოგადოების რეალური სახეც...
აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ ჩვენგანს თავისუფლება თუ თავისუფლებად-წოდებული მდგომარეობა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ჰგონია...
საზოგადოების ცნობადი და ცნობილი სახეების ლუსტრირების ღია პროცესი მიმდინარეობს ახლა ჩვენში... ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრს ჰყვარებია თუ მონატრებია რუსეთი... ბევრს მოსწონს ეს მონსტრი სახელმწიფო.
ჩემი დაკვირვებით, რუსეთის ინტერესების გამტარებლები მინიმუმ სამ კატეგორიად იყოფიან.
პირველი კატეგორიაა "ღია მოთამაშეები" - ვთქვათ ნინო ბურჯანაძე, რომელიც არც მალავს, რომ სიახლოვე-სიყვარული სურს მოსკოვთან.
მეორე კატეგორია გაცილებით ცბიერია - ეს ადამიანები ასე ღიად, ბურჯანაძის მსგავსად, არ ადასტურებენ რუსეთისადმი სიყვარულს, მაგრამ მათი ქმედებები, აგრესიულობა, სტერეოტიპული აზროვნება, სიძულვილის ენა, ოპონენტთა მიუღებლობა და მისთ... აგრეთვე - ეჭვის შეტანები დასავლეთთან ინტეგრაციის აუცილებლობაში, რეალურად ემსახურება იმავეს, რასაც ღიად უჭერს მხარს ხსენებული ბურჯანაძე... ამგვართა კოლექტიური სახელია "საგანელიძე"...
მესამე კატეგორიაა გაცილებით შენიღბულთა ჯგუფი - ნებისმიერი საზოგადოებრივი თუ პარტიული ჯგუფის ნებისმიერი აქტივისტ-სპიკერი შეიძლება იყოს მათ რიგებში. ისინი ვერბალურად მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას (ჰგვანან საგანელიძეს, რომელიც ამავეს ამბობს), მეტიც, გაცილებით უკეთ პოზიციონირებენ, ვიდრე ხსენებული მეორე ჯგუფის წარმომადგენლები... (უხეშად, ფლობენ ინგლისურს), და ყოველი ათი გზავნილიდან ცხრაჯერ მართებულად მსჯელობენ კიდეც.
მაგრამ, სწორედ იმ ერთ - დარჩენილ-შერჩენილ ერთადერთ გზავნილშია პრობლემა.
(ყველაზე კარგი მაგალითი, ახლა გამახსენდა, შეიძლება არის ოდინდელი ირაკლი ოქრუაშვილი, რომლის "მედასავლეთეობაში" ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა მანამ, ვიდრე პატრონებმა მოსკოვიდან არ უთხრეს, რომ მას უნდა აენაცვლა ბურჯანაძისებრთა ჯგუფში) - ეს ყველაზე საშიში ჯგუფია.
ჩვენ უნდა გავიგოთ - რუსეთის სტრატეგიაა არა ღია ომი (რომელსაც ის უთუოდ დაიწყებს საჭიროების შემთხვევაში), არამედ ფარული ომი ამ და სხვა აგენტების გამოყენებით... და მიზნის ასე მიღწევა.
რუსეთს სურს გაჩერებული, ინსტუტებ-მორღვეული, სიძულვილით აღსავსე, რეფორმებ-გაუტარებელი სახელმწიფო.
ამგვარ სახელმწიფოს, დასავლეთი არ მიიღებს თავის რიგებში და, მერე სწორედ მას დაბრალდება ჩვენივე ვერ თუ არ-ინტეგრირება.
25 თებერვალია დღეს!
მე-11 არმია შემოვიდა ამ ქვეყანაში 94 წლის წინ!
58-ე არმია შემოვიდა 7 წლის წინ - აგვისტოში!
იუნკრები, რომლებიც დაიღიპნენ თითქმის 100 წლის წინ და ჯარისკაცები, რომლებიც რუსეთთან ომში დაეცნენ 2008 წელს, რეალურად, იყვნენ ყველაზე დიდი რეფორმატორები.
რადგან არ შედიოდნენ არც ერთ ხსენებულ კატეგორიაში. არ შეეძლოთ მხართეძოზე წამოწოლა და შეგნებულად მიდიოდნენ სიკვდილზე, რომ სამშობლო მათი თავისუფალი ყოფილიყო!
დღეს რთულია ყველას გაფილტვრა და ისე დაკვირვება პოლიტიკოს-"საზოგადო მოღვაწეებზე", რომ კარგად გაარჩიო - არიან თუ არა ისინი რუსეთის ინტერესების გამტარებლები...
მეც მიჭირს (განსაკუთრებით მესამე კატეგორიის პირთა ლუსტრირება)
უნივერსალური მეთოდი, ალბათ არც ესაა, მაგრამ, ამა თუ იმ პირის შეფასებისას, მე ასე ვკითხულობ:
იქნებოდა კი ის იუნკერი?
შეუშვერდა კი ის ტყვიას შუბლს?
წავიდოდა კი ის ომში 2008 წელს?
თუ რა გინდა რა შელამაზებული განცხადებებით დაიძვრენდა თავს?
25 თებერვალია დღეს!" - ნათქვამია ტაბლიაშვილის სტატუსში.