თბილისში, ფონიჭალაში, ერთი ხის ძირას შეყვარებული წყვილის სისხლის კვალი დღემდე ატყვია.
სწორედ იქ, სადგურის ქუჩაზე, მოსახლეობისგან ცოტა მოშორებით, 14 ივნისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლა მოხდა. შემთხვევის ადგილას მისულებს შემზარავი სურათი დახვდათ: მიწაზე დაჭრილი ქალ-ვაჟი ეგდო. 21 წლის ზურაბ სხირტლაძე ადგილზევე გარდაცვლილიყო, ხოლო მის შეყვარებულს, 17 წლის თიკო ჩიხრაძეს სიცოცხლის ნიშანწყალი ისევ ეტყობოდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი გოგონა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჭრილობა საფეთქელთან აღენიშნებოდა, ცალი თვალი ბუდიდან ამოვარდნოდა, ცხვირი მოგლეჯილი ჰქონდა. გოგონას სასწრაფოდ, უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმედ რჩება. გარდაცვლილ ვაჟს ერთი ტყვია გულმკერდის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
შემთხვევის ადგილზე იპოვეს მკვლელობის იარაღი. "ტეტეს" სისტემის პისტოლეტი გარდაცვლილი ბიჭის სახელზე ყოფილა გაფორმებული; იქვე იყო იარაღის საბუთიც. ტრაგედიის ადგილიდან ძალოვნებმა ორი მასრაც ამოიღეს და ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
მომხდარით შოკირებულ ოჯახის წევრებს ფაქტის ახსნა უჭირდათ. ამ ტრაგედიის ირგვლივ თავიდანვე სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთის მიხედვით, არ გამორიცხავდნენ, რომ იარაღი რომელიმე მათგანს შემთხვევით გაუვარდა და შემდეგ გადარჩენილმა თვითმკვლელობა სცადა. მეორე ვერსიით, სხირტლაძემ შეყვარებული გოგონა ეჭვიანობის გამო დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა. იყო მესამე ვერსიაც, რომ შესაძლოა, მომხდარ უბედურებაში სხვა პირიც ყოფილიყო გარეული. ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, ზურას უცნობ პირთან კონფლიქტი მოუხდა. ბიჭი მის შეყვარებულს ინტერნეტით წერილებს სწერდა და ამის გამო იკამათეს. ამბობდნენ, შესაძლოა, იქ წყვილი ამ ბიჭს შეხვდაო. დაჭრილი გოგონას ახლობლები კი ვარაუდობდნენ, რომ ზურამ გოგონა იმიტომ დაჭრა, რომ ის ცოლად არ გაჰყვა... სამწუხარო რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა. როგორც დაღუპული ბიჭის მშობლებისგან შევიტყვე, შეყვარებულმა წყვილმა თვითმკვლელობა წინასწარ დაგეგმა...
ზურას მშობლებს მათ ნაქირავებ ბინაში შევხვდი. დედა, ინა ყურაშვილი შვილის ცხედართან იჯდა და მოთქვამდა. არ დაუმალავს, რომ შვილი გაჭირვებაში გაზარდა და ამას მისი ვაჟი ძალიან განიცდიდა. ზურა სხირტლაძე "ალგანში" დაცვის თანამშრომლად მუშაობდა. ოჯახში ყველამ იცოდა, შეყვარებული რომ იყო და გოგოს მშობლების წინააღმდეგობას ძალიან განიცდიდა.
"ზურას ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. არც ბევრი ძმაკაცი ჰყოლია. თავისი სამყარო ჰქონდა. მოდიოდა სახლში და ძირითადად, კომპიუტერთან იჯდა. ვიცი, რომ თიკო ძალიან უყვარდა და სულ მეუბნებოდა, - დედა, მაგის გარდა არავინ მინდაო. ისე, შეყვარებულები ხშირად ჩხუბობდნენ, ამის მიზეზი რა იყო, არ ვიცი. ორივე ეჭვიანი იყო, თუმცა რეალურად, საეჭვიანო არაფერი ჰქონდათ; ორივეს ერთმანეთი ძალიან უყვარდა, მაგრამ მაინც ეჭვიანობდნენ. ნაჩხუბრები რომ იყვნენ, ზურა ტელეფონს თიშავდა. კარგად ვიცნობდი მის შეყვარებულსაც და გოგონა მესიჯებს მე მწერდა: რატომ აქვს ზურას ტელეფონი გათიშული? სთხოვეთ, რომ ჩართოსო... მალე ისევ რიგდებოდნენ. უნდოდა, ცოლად მოეყვანა, მაგრამ ასეთი ტრაგედია მოხდა", - მითხრა თვალცრემლიანმა დედამ.
ოჯახმა მომხდარის შესახებ პოლიციისგან 5 საათის დაგვიანებით შეიტყო. თავიდან დაუმალეს, შვილი ცოცხალი რომ აღარ ჰყავდათ.
"პოლიციიდან დამირეკეს და მითხრეს, - ზურა იარაღზეა დაჭერილი, კომაში ჩავარდა და ცუდად არისო. თავიდან მეგონა, რომ გოგო ცოლად მოიყვანა, მისმა ოჯახმა პოლიციაში იჩივლა და ამის გამო დაიჭირეს. ამ დროს მცხეთაში საქმეზე ვიყავი და სასწრაფოდ მოსვლას ვერ ვახერხებდი. ამის შემდეგ ჩემს მეუღლეს სახლში მიაკითხეს და განყოფილებაში წაიყვანეს. მისი დაკითხვა 5 საათი ისე მიმდინარეობდა, რომ არ იცოდა, შვილი რომ მკვდარი ჰყავდა. ჩემს ცოლს პოლიციაში ახლობელი გაჰყვა, მის ნომერზე რომ ვრეკავდი, ყურმილს მითიშავდა: როგორც გავიგე, პოლიცია დალაპარაკების საშუალებას არ აძლევდა. არ ვიცოდი, რომელ განყოფილებაში უნდა მეძებნა. იარაღი ზურას ხელში არ მინახავს, მაგრამ როგორც გაირკვა, ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი იყო. წინადღეს მას პისტოლეტი მაღაზიაში უყიდია, 14 ივნისს კი ეს ტრაგედია დატრიალდა. ცხადია, იარაღი ამ ამბისთვის სპეციალურად შეიძინა. ახლა უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: მოილაპარაკეს, რომ ერთად დახოცილიყვნენ. ამის მიზეზი, გოგოს ოჯახის კატეგორიული უარი იყო. თიკოსაც ისე უყვარდა ჩემი შვილი, რომ თავის მოკვლა არჩია მასთან დაშორებას. ზურას შეყვარებულის ხელით ნასროლი ერთი ტყვია გულმკერდში აქვს მოხვედრილი. პოლიციაში მითხრეს, - დადგენილია, რომ ტყვია მას გოგომ ესროლა, ის მოკლა და ამის მერე თავის თავს ესროლაო", - ამბობს ზურას მამა, პაატა ყურაშვილი. მისი თქმით, ზურა ძალიან კარგი ადამიანი იყო. ყველას უყვარდა და კონფლიქტური არ ყოფილა. განაგრძეთ კითხვა