საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, მისთვის მოსასმენად ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია და სიურპრიზი იყო, რომ პარტიაში ინტელექტ კლუბ "რა, სად, როდის" დამფუძნებელ გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართა.
როგორც დავით საგანელიძემ "პალიტრა ტვ"-ის ეთერშო, მერაბ მეტრეველის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა, იგი ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. "ჩემთვის მოსასმენად ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია და სიურპრიზი იყო, რომ გუშინწინ, პარტიის ოფისში მივიღე ინფორმაცია, რომ ჰქონდათ შეხვედრა გიორგი მოსიძესთან. გიორგი მოსიძე ინტელექტ კლუბ "რა, სად, როდის" წამყვანი, დამფუძნებელი, დამაარსებელი, ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და მას პატივს ვცემ. მასთან ერთად ძალიან ბევრი წელი მაქვს გატარებული პოლიტიკაში. ვიცი, რომ ის არის უაღრესად ნიჭიერი, საქმიანი, ერუდირებული, საინტერესო ადამიანი. მასთან ერთად კიდევ არის პატარა ჯგუფი, 2-3 ადამიანი, ვინც ასევე გამოირჩევიან თავინთი ძალიან გამჭრიახი გონებით და საქმის კარგი ხედვით", - აღნიშნა დავით საგანელიძემ.
წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა ისინი ვიხილოთ "ქართულ ოცნებაში", უმრავლესობის ლიდერმა უპასუხა, რომ ეს მათი გადასაწყვეტია პარტიაში იქნებან თუ არა. "მაგრამ ის, რომ ამ ადამიანებთნ, თურმე ჰქონდათ შეხვედრა და საუბარი, რომ რამდენად აქვთ მათ სურვილი პარტიულ საქმიანობაში ჩაერთონ, მე ეს ძალიან გამიხარდა. მე გიორგი არ მინახავს, არც დამირეკავს. "ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ორგანიზაციაა, სადაც ალბათ კარგი იქნება ძალიან ბევრი ახალგაზრდა თაობის ადამიანი, ვინც თავიანთი ნოვატორული ნიჭით, თავიანთი პოლიტიკური ხედვებით გამოირჩევიან, ამ ადამიანებისთვის ღია იყოს "ოცნება", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
უმრავლესობის ლიდერი სექტემბერში მოსალოდნელ არჩევნებზე საუბარს უარყოფს და აღნიშნავს, რომ სექტემბრიდან შესაძებელია პარტია კიდევ უფრო გააქტიურდეს და საარჩევნო, სერიოზული ერთწლიანი მარათონი გააჩაღოს. "რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, მერწმუნეთ, ჩვენ პოლიტიკურ პარტიაში, ჩვენს კოალიციაში ამ თემაზე არავინ საუბრობს. ვადამდელი არჩევნები ქვეყნისთვის არის ცუდი", - აღნიშნა საგანელიძემ. მისივე თქმით, 2016 წელს "კიდევ უფრო კარგად გავიმარჯვებთ, ვიდრე 2015 წელს".
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.