ლოს-ანჯელესში, ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, "ოსკარის" რიგით 87-ე დაჯილდოების ცერემონია 23 თებერვალს, თბილისის დროით 04:00 სააათზე გაიმართება. გამთენიისას გახდება ცნობილი მოიპოვებს თუ არა "ოსკარს" საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის ნომინაციაში ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები", რომელიც ესტონეთ-საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია.
საუკეთესო უცხოურენოვან ფილმებს შორის "მანდარინების" კონკურენტებია: რუსული ფილმი "ლევიათანი", პოლონური "იდა", მავრიტანიული "ტიმბუქტუ" და არგენტინული "ველური ისტორიები".
ქართველი რეჟისორი და მსახიობები ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან.
"ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიას პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია "რუსთავი 2" გადასცემს.