30 წლის წინ ეკრანებზე ქართული მულტფილმი "თოვლის გუნდა" გამოჩნდა. "ბაჯბაჯა", ფუმფულა გუნდას და პატარა გოგონას მეგობრობის ამბავმა ბავშვებში დიდი სიყვარული და პოპულარობა მოიპოვა.
30 წლის შემდეგ კი "თოვლის გუნდას" "ბიბლუსი გალერიში" მომღერალი სათამაშო ბალიშის სახით დაბრუნდა.
(თოჯინა, ბალიშის ღილაკზე თითის დაჭერის შემთხვევაში, "გუდა გუდას" სიმღერას იწყებს).
ყველასთვის საყვარელი ქართული მულტფილმის, თოჯინის პრეზენტაცია განსაკუთრებული იყო იმით, რომ მულტფილმისგან განსხვავებით დღეს გუნდას ძალიან ბევრი პატარა მეგობარი შეხვდა. გარდა ამისა, პრეზენტაციაზე მოწვეული იყო ნუგზარ კვაშალი, რომელმაც პირველად, 30 წლის წინ გაახმოვანა "თოვლის გუნდას" ზღაპარი.
"30 წლის წინ ეს მულტფილმი გავახმოვანეთ მითხრეს, შენნაირ ტიპაჟს აკეთებენ, ხმა არ შეიცვალო ისე გაახმოვანე როგორც ლაპარაკობო. ჩამაწერინეს ეს სიმღერა, გუდა გუდა, ასე დაიწყო ამ მულფილმის ისტორია. როდესაც "პალიტრიდან" დამირეკეს და მითხრეს, რომ ამ გმირის თოჯინის გამოშვებას აპირებდნენ, ძალიან გამეხარდა", - განაცხადა ნუგზარ კვაშალმა.
"დღეს "თოვლის გუნდამ" იპოვა თავის მეგობრები. მასთან სათამაშოდ ბავშვები მოვიდნენ, რომლებიც კარგად გაერთნენ", - განაცხადა სოფო საყევარიშვილმა.
თოვლის გუნდასთან ერთად, "ბიბლუსი გალერიში" პატარებს იტალიელი თაგვი ჯერონიმო სტილტონის თოჯინა და ელფი დახვდათ, რომლებიც საღამოს გაუძღვენ.
ჟურნალ "საბავშვო კარუსელის" რედაქციამ კი პატარა სტუმრები გოგონებისა და ბიჭების ჟურნალით დაასაჩუქრა.