"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ვიქტორ დოლიძის მიერ ვენაში ვიზიტის შეწყვეტას საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს.
როგორც ალასანიამ "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა, ვიქტორ დოლიძე ვიზიტის შეწყვეტის მიზეზებთან დაკავშირებით განცხადებას თავად გააკეთებს.
"ვიქტორ დოლიძე თავად გააკეთებს განცხადებას, თუ რამ განაპირობა ვიზიტის შეწყვეტა. მას კონსულტაციები ჰქონდა ჩვენი პოლიტიკური საბჭოს რამდენიმე წევრთან. როგორც კი ჩამოვა, შედგება საბჭოს სრული შემადგენლობით შეხვედრა და შემდეგ უკვე თავად აცნობებს საზოგადოებას, რა ნაბიჯის გადადგმას აპირებს და რამ განაპირობა ვიზიტის შეჩერება", - აღნიშნა ალასანიამ.
რაც შეეხება შეკითხვას, ხომ არ უკავშირდება ვიზიტის შეწყვეტა ზურაბ აბაშიძის ვიცე-სპიკერობიდან გადაყენებას და ამის საპროტესტოდ ხომ არ გეგმავენ პარლამენტში მყოფი "თავისუფალი დემოკრატები" თანამდებობების დატოვებას, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დაკონკრეტებისგან ამ შემთხვევაშიც თავი შეიკავა და მედიას მოუწოდა, "მოვლენებს ნუ გაუსწრებს".