რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და ბრიუსელში, მოსკოვსა და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.
ზურაბ აბაშიძის ამ განცხადებას მძაფრი გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციური სპექტრიდან. ალექსანდრე პეტრიაშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" სახელით საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ "ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს აშკარა და რეალური საფრთხე ექმნება".
"მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის ბოლოს იმართება ნატოს მინისტერიალი და მომდევნო წელს ნატოს სამიტი, ეს განცხადება არის ღია დადასტურება იმ ფაქტის, რომ ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს ექმნება აშკარა და რეალური საფრთხე, რაზედაც "თავისუფალი დემოკრატები" დიდი ხანია მივუთითებთ. რადგან, ნატოს უელისის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტი სწორედ ის გეგმაა, რომელიც ითავლისწინებს ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებას საქართველოში და ქვეყნის საბოლოო მიზნის, ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობას. საინტერესოა, რომ ზურაბ აბაშიძის დღევანდელი განცხადება დროში დაემთხვა კრიზისების მართვის საბჭოს გუშინდელ სხდომას, რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადებას და აბაშიძე კარასინის თებერვლის ბოლოს დაგეგმილ შეხვედრას, რითაც გამოაშკარავდა ამ შეხვედრის რეალური დღის წესრიგი", - განაცხადა პეტრიაშვილმა და მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, გააკეთოს საჯარო განცხადება და აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, ასევე მიმართავენ საგარეო და ევროატლანტიკურ სამინისტროებს, გაემიჯნონ აღნიშნულ განცხადებას და დააფიქსირონ საკუთარი ერთგულება ნატოში საქართველოს გაწევრიანებისადმი.
"კატასტროფული განცხადება", - ასე აფასებს ზურაბ აბაშიძის განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი მინაშვილი. მინაშვილის თქმით, "ეს განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, რომ საქართველოში არ იქნება ნატო-ს სამხედრო ბაზა და რუსეთის ინტერსებს ასხამს წყალს". აკაკი მინაშვილის თქმით, ხელისუფლების მოქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ "ის თამაშობს რუსული თამაშით" და არ აპირებს დასავლური პოლიტიკის გაგრძელებას.
მოკლე კომენტარით შემოიფარგლა "ნაციონალების" კიდევ ერთი წარმომადგენელი ეკა ხერხეულიძე. "ამ მთავრობას წევრებს, ზუსტად ისე უნდათ ნატოში ინტეგრირება, როგორც მე მინდა მათი ყოფნა მთავრობაში", - ამბობს ხერხეულიძე.
ზურაბ აბაშიძის განცხადებაზე განმარტებები გააკეთეს მინისტრებმაც.
როგორც თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ვარაუდობს, ზურაბ აბაშიძე გულისხმობდა საქართველოში ნატო-ს სამხედრო ბაზის განთავსებას, რომელიც არ იგეგმება.
"საქართველოში იგეგმება წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება, რომელიც მოემსახურება ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებას, მათ ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას და ა.შ. ეს არ არის სამხედრო ბაზა, რომელსაც აქვს სამხედრო მიზნები და ამოცანები, არამედ აქვს წვრთნისა და შეფასების ფუნქცია", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
რაც შეეხება აბაშიძის კიდევ ერთ განცხადებას, რომ საქართველო საერთოდ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას და კითხვას, მიიჩნევს თუ არა თავდაცვის მინისტრი, რომ საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურის განთავსება რეგიონულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, ჯანელიძე პასუხობს – "ვერ გააკეთებს კომენტარს ზურაბ აბაშიძის განცხადებაზე, რომელიც მას პირადად არ მოუსმენია".
საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძეც. მისი განმარტებით, ნატო-ს საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტით განსაზღვრულია საქართველოში შემდგომი ღონისძიებები, რომლებიც გეგმის სრული დაცვით მიმდინარეობს.
"სამხედრო ბაზაზე საუბარი არ არის, არის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც განსაზღვრულია არსებით ღონისძიებათა პაკეტით. ნუ გამაკეთებინებთ კომენტარს ბატონი ზურაბის კომენტარზე, ვინაიდან არ ვიცი, თუ რას გულისხმობდა. თუ გულისხმობს სამხედრო ბაზას, ეს არ იგეგმება", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
რაც შეეხება კითხვას, საწვრთნელი ბაზა არის თუ არა ნატო-ს ინფრასტრუქტურა საქართველოში, როგორც დავით ბაქრაძე, ისე მინდია ჯანელიძე განმარტავენ, რომ ეს არის ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი, რომელიც საქართველოს ინფრასტრუქტურას წარმოადგენს.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-ს მასალების მიხედვით.