ქართული ფარმაცევტული ბაზარი, ერთი შეხედვით, სოლიდურად გამოიყურება, თუმცა კითხვა - რამდენად შეესაბამება მედიკამენტების ხარისხი მის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას, საზოგადოებაში ხშირად ტრიალებს. საინტერესოა, უცხოური მედიკამენტების ქართული ანალოგები აკმაყოფილებენ თუ არა შესაბამის სტანდარტებს. ფლობს თუ არა სახელმწიფო ფარმაცევტული ბიზნესის კონტროლის მექანიზმებს? რა უშლის ხელს ბაზრის გაფართოებას და კონკურენტული გარემოს შექმნას? ამ და სხვა მნიშვენლოვან საკითხებზე Bpn.ge ექსპერტს ფარმაციის საკითხებში, თინა ტურძელაძეს ესაუბრა.
-ცნობილია, რომ წამლის შეფასება სამი კრიტერიუმით ხდება: უსაფრთხოება, ეფექტურობა და ხარისხი. რამდენად აკმაყოფილებს დღევანდელი ფარმაცევტული ბაზარი ამ კრიტერიუმებს?
- ჩვენს ბაზარზე არ იზომება არც წამლის უსაფრთხოება, არც მისი ეფექტურობა და ფაქტობრივად, არც ხარისხი. ამაზე შესაბამისი პროგრამის სტატისტიკაც მეტყველებს. ფალსიფიცირების და კონტრაფაქტის გლობალური ტრენდის პირობებში, როცა მეზობელი ქვეყნების მარეგულირებლები უხარისხო წამლების ასეულობით სერიებს ავლენენ, საქართველოში 2013 წელს მხოლოდ ერთი ერთეული წუნდება გამოვლინდა. 2014 წლის 1 ოქტომბრამდეც, ასევე ერთი ერთეული იყო გამოვლენილი და ეს პროგრამა ბიუჯეტს წლიურად საშუალოდ 70 000 ლარი უჯდება. ასეთ კონტროლს აზრი არ აქვს. საქმე ან ლაბორატორიის ტექნიკური კომპეტენციის პრობლემასთან გვაქვს, ან არავალიდურ სტანდარტებთან, ან უხარისხო ადმინისტრირებასთან და ან ყველაფერთან ერთად. ამ მონაცემებით ჩვენ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ხარისხის პრობლემა არ არსებობს. ასეთი მონაცემები ამერიკას და ევროპასაც კი არ აქვს.
- ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ მათ მიერ შემოტანილ მედიკამენტებს ჯმპ სერთიფიკატი აქვს, რაც ხარისხიანი წამლის შემოტანას ნიშნავს. არის თუ არა ეს ასე? ჯმპ პროდუქციის ხარისხს განსაზღვრავს თუ საწარმოო პროცესს, ანუ, იმას, თუ რამდენად კარგად დაფასოვდა ქარხანაში შესული ნედლეული? რა რეგულატორული მექანიზმი აქვს სახელმწიფოს ჩვენს ბაზარზე წამლების ხარისხის განსასაზღვრად?
- ხარისხით სტანდარტთან შესაბამისობა ფასდება. ამიტომ გამონათქვამი, რომ სტანდარტი უზრუნველყოფს პრეპარატის ხარისხს, სწორია. მაგრამ ხარისხი თავისთავად თერაპიულ ეფექტურობას და უსაფრთხოებას არ ნიშნავს. ამიტომ მიზანი ეფექტური და უსაფრთხო წამლის სტანდარტულობაა და არა სტანდარტულობა დაუდგენელი ეფექტურობით და უსაფრთხოებით. უბრალოდ, ადამიანებისთვის ყველა ეს მახასიათებელი ხარისხთან ასოცირდება. წამლის შემთხვევაში კი ეს ყველაფერი ერთი და იგივე არ არის.
- რამდენად აკმაყოფილებს სტანდარტებს უცხოური მედიკამენტების ქართული ანალოგები, რომლებსაც აფთიაქებში ხშირად გვთავაზობენ?
- ქართული წამლების თერაპიული ექვივალენტობა საერთაშორისო სტანდარტებით არ ფასდება, ამიტომ შესაბამისობა დადგენილი არ არის. საქართველოში ბიოექვივალენტობის კვლევები საერთოდ არ ტარდება. რაც შეეხება ქართული წამლების კლინიკურ კვლევებს, ეს კანონმდებლობით დახურული ინფორმაციაა. და ეს მაშინ, როცა მთელს მსოფლიოში კვლევები გასაჯაროებულია და ონლაინრეჟიმში ყველას შეუძლია კვლევის შედეგებს გაეცნოს. ეს საერთაშორისო ნორმების ნაწილია. ჩვენთან ქართული წამლების კვლევების მონაცემები გასაიდუმლოებულია.