"ახლა მივიღე საგანგაშო ინფორმაცია: წუხელ, ვაკის საცურაო აუზთან 15 ტყვია ესროლეს და სასიკვდილოდ არის დაჭრილი გიორგი გუდაძე, რომელიც, ცოტა ხნის წინათ, ორ მეგობართან ერთად, დაპატიმრებული იყო ციხის ყოფილი უფროსის ლაშა ბრეგვაძის ცემისათვის! რა ხდება, ნაცრეჟიმის ჯალათები ვენდეტაზე გადავიდნენ?! ან რატომ არ ხმაურდება ეს ინფორმაცია?!", - აღნიშნულის შესახებ Facebook-ზე ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ დაწერა.
რაც შეეხება ოფიციალურ ვერსიას, როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, გუდაძეს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული და ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, გიორგი გუდაძე სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების ყოფილი უფროსის ლაშა ბრეგვაძის ცემისთვის ორი მეგობართან ერთად იყო დაკავებული, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.