როგორც ცნობილია, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. პეტრო პოროშენკომ ბრძანებას ხელი რეფორმების მრჩეველთა საბჭოს შექმნისა და ხელმძღვანელად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შესახებ რამდენიმე დღის წინ მოაწერა. მომხდართან დაკავშირებით, მალევე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინასა და საქართველოს შორის ძებნილ პირთა ექსტრადიცია ხორციელდება "ექსტრადიციის შესახებ" 1957 წლის ევროპული კონვენციით, "სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ" მინსკის 1993 წლის კონვენციითა და "სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ" საქართველოსა და უკრაინას შორის 1995 წელს დადებული ორმხრივი ხელშეკრულებით. თუმცა, მიუხედავად ქვეყნებს შორის ექსტრადიციის სფეროში არსებული, ზემოთ დასახელებული, ვალდებულებებისა, უკრაინულ მხარეს მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხზე საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან არ უთანამშრომლია და უარი განაცხადა ძებნილი პირების ექსტრადირებაზე.
ამასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვიქტორია ნულანდმა განცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ლიდერის მრჩეველი, როგორც რეფორმებთან მრავალგზის ნამუშევარი ადამიანი გახდა.
"რამდენადაც ჩვენ ვიცით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაპატიჟეს, რომ იყოს წევრი იმ ფართო მრჩეველთა ჯგუფისა, რომელიც პრეზიდენტმა პოროშენკომ ჩამოაყალიბა. როგორც მოგეხსენებათ, უკრაინა მიისწრაფვის იმისკენ, რომ მიიღოს ფართო გამოცდილება საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ბევრი უმუშავიათ რეფორმების საკითხებზე. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არის კერძო მოქალაქე და ეს მისი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება ექსტრადიციის მოთხოვნას, ეს არის საქართველოს მოთხოვნა უკრაინისადმი, ამდენად, ეს არის ორმხრივი საკითხი ორ ქვეყანას შორის და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ", - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
"ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან თქვენ ორივე ცდილობთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დადგეთ და მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს და უკრაინის ყველა მოქალაქეს, ამ პროცესში მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, თქვენ გჭირდებათ ერთმანეთი" - ნათქვამია განცხადებაში.