"ჯერ კიდევ 2008 წელს, ხოლო შემდგომში 2009, 2012 წლებში გამოქვეყნდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევები, სადაც მითითებული იყო, რომ საქართველოში ბავშვების 12% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში თითოეული მათგანი მოიხმარს მხოლოდ 2 ლარს, ხოლო 30% კი- ფარდობით სიღარიბეში. ამავე კვლევების თანახმად, შესწავლილი ოჯახების 10 % აცხადებდა, რომ მათ მიერ საკვების მომხმარება იმდენად შეზღუდული იყო, რომ აღნიშნულის გამო საფრთხეში იყო მათი ჯანმრთელობა." - ეს არის საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის მარტში გავრცელებული განცხადებიდან ამონარიდი, რომელიც ერთი წლის გოგიტა აბაშიძის შიმშილით სიკვდილს უკავშირდება.
...ქუთაისში 11 შვილის დედა თავის დაწვით იმუქრება, ცინაძეების 6 სულიანი ოჯახი, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს, ხოლო 2 თვის ირაკლის დედა ძუძუთი ვეღარ კვებავს, მისთვის საჭმლის ყიდვის საშუალება კი არ აქვთ… სამწუხაროდ, მსგავსი ისტორიები დღეს მრავლადაა.
შეგახსენებთ, რომ 2015 ის წელია, რომელზეც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ "მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს". თუმცა, ივანიშვილის რიტორიკა ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა და მოსახლეობას აუწყა, რომ 2015 წელი დალხენილი არ იქნებოდა.
სწორედ ამ არადალხენილ წლებში (წინა ორი წელი ივანიშვილისგანაც ვიცოდით რომ რთული იქნებოდა) ვიგებთ, რომ ამა ქვეყნის მაღალჩინოსნები ისევ გვარიან პრემიებს იღებენ (ეტყობა ჯოკია ბოდოკიას არ აუხსნეს პრემიის არსი). ასეულობით ათასი ლარი რიგდება სამთავრობო უწყებებში, გამგეობებსა და მუნიციპალიტეტებში (და არა მარტო) ნეპოტიზმის სრული ჰეგემონიაა დამყარებული.