პირადად პეტრო პოროშენკომ მითხრა, მე შენ მჭირდები კიევში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ქვეყნის ყოფილმა პირველმა პირმა ის მიზეზები განმარტა, რის გამოც უკრაინის ხელისუფლებაში თანამდებობას დათანხმდა და აღნიშნა, რომ მის ძირითად მოვალეობას რეფორმებზე მუშაობა წარმოადგენს.
"ნოემბერში პირველი ვიცე-პრემიერის შეთავაზება მივიღე, რაც უკრაინაში ძალიან მაღალი თანამდებობაა. რა თქმა უნდა, თუნდაც 5 მილიონიანი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისთვის ათჯერ დიდი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სამთავრობო თანამდებობის დაკავება ჩემთვის პატივი იქნებოდა და ჩემი პირველი ინსტიქტიც მაშინ იყო დათანხმება, მაგრამ როცა ჩამოვედი და გავიგე, რომ მთავარ პირობას წარმოადგენდა კონსტიტუციით საქართველოს მოქალაქეობაზე მეთქვა უარი და გავმხდარიყავი უკრაინის მოქალაქე, ყველაფერი შეიცვალა – მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით ახალი ქართული სახელმწიფო. რას იტყოდა ისტორია?! - ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთმა შემქმნელმა უცებ ამ სახელმწიფოს პასპორტზე თქვა უარიო?! ამიტომ ვთქვი ამ შეთავაზებაზე უარი. მერე წამოვიდა ინიციატივა უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციიდან, პარლამენტიდან, რომ შექმნილიყო ანტიკორუფციული საბჭო და ვყოფილიყავი მისი ხელმძღვანელი – ამაზეც გულმა გამიწიასავით და ჩემი მკაცრი მოთხოვნა იყო, რომ ამ საბჭოს ხელმძღვანელობა უცხოელსაც შეძლებოდა, თუმცა პარლამენტმა ცვლილებების მიღება ვერ მოასწრო. შემდეგ, ერთ დღესაც, პირადად პეტრე პოროშენკომ მითხრა – მე შენ მჭირდები კიევში, ძალიან გვჭირდები კიევში, ჩვენ გვაქვს ერთი ბრძოლაო. რა ბრძოლა-მეთქი და რეფორმების ფრონტიო. მაშინ, იქვე სპონტანურად დაიბადა იდეა შევქმნათ რეფორმების საერთაშორისო საბჭო, სადაც შევიყვანთ ბევრ ცნობილ რეფორმატორს. პრეზიდენტმა მითხრა - მთლიანად გენდობი შენ, გააკეთე სტრუქტურაო. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ რამდენიმე მიმართულებით, ეს არის ეკონომიკური რეფორმები, სამხედრო რეფორმები. სახელმწიფო აპარატის ზოგადი რეფორმები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ანტიკორუფციული რეფორმა", - აღნიშნა სააკაშვილმა.
ინტერვიუს ყველა საინტერესო დეტალი იხილეთ ტეგზე: მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილის აზრით, ვალდიმერ პუტინი ყველაფერზე წავა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას მიხეილ სააკაშვილმა პარალელები 2008 წელს ცხინვალში განვითარებულ მოვლენებთან გაავლო და აღნიშნა, რომ იგივე პროცესებს აქვს ადგილი უკრაინაში.
"ვლადიმერ პუტინს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ეს არის მისი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა - მისი ბრძოლა საბჭოთა კავშირის აღდგენისათვის. მისთვის დამოუკიდებელი საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის არსებობა ისეთივე ანომალიაა, როგორც თავის დროზე ბოლშევიკებისთვის იყო ანომალია დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა. ამიტომ ის ამ ბრძოლაში ბოლომდე წავა და ეს ეჭვს არ იწვევს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებისას ხვდებოდა, რომ აცხადებს იმას, რასაც მეორე მხარე არ დაიცავს.
"ერთის მხრივ შარი არ უნდა მოგდონ, რადგან საქართველოს მაგალითზე ვიცით, რომ ევროპა, ამერიკა... ყოველთვის ცდილობენ მსხვერპლი დაადანაშაულონ, რაც არ უნდა გააკეთო, შენი გამოჩნდება, 10 ტალიავინი დაწერს, რომ "კი, მეორე მხარე ცუდია, მაგრამ შენც რაღაცაში არა ხარ მართალი". ეს მათი ინსტიქტია. რუსეთს უნდა დებალცევოს აღება, რომელიც უმნიშვნელოვანესი სარკინიგზო ცენტრია, რათა კონტროლირებადი ტერიტორია შეკრან. ყველამ იცის, რომ უკრაინელები უნდა გაჩერდნენ, რათა მსოფლიოს არ მიეცეს საბაბი, დაადანაშაულონ და მხარდაჭერაზე უარი არ უთხრან. ამასთან, ეს ნიშნავს, რომ შენ გყავს იქ ჯარისკაცები, რომელსაც შეიძლება წირვა გამოუყვანონ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
"საქართველოდან უკრაინაში ათასობით ადამიანს უნდა წამოსვლა", - ექს-პრეზიდენტის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "ყველა მხრიდან" მისდის. რაც შეეხება საქართველოს არსებული ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლისკენ ქართველებს თავად მოუწოდებს, ყოფილი პირველი პირი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ ყველაფერი პირიქითაა.
"დამაბრალეს, რომ მე მოვუწოდებ ქართველებს ჩამოსვლისკენ. ძალიან ვამაყობ ჩვენი ქართველებით, რომლებიც აქ არიან, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვაკავებთ ქართველებს აქ ჩამოსვლისგან, რადგან ეს უნდა იყოს ლეგალური, გაცვლილი ხალხი. ამიტომ პირიქით, მე მოვუწოდებ ქართველებს რომ აქ ასე არ ჩამოვიდნენ. მეორე – ათასობით ადამიანს უნდა წამოსვლა. ეს ინფორმაცია ყველა მხრიდან მომდის. ეს არ მეტყველებს კარგად საქართველოში სიტუაციაზე", - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში მყოფ ქართველებსაც მოუწოდებენ, რომ ცხელ წერტილებში არ იყვნენ. "აქ მყოფ ქართველებსაც მოვუწოდებთ, რომ ისინი არ იყვნენ ცხელ წერტილებში და იყვნენ იქ, სადაც შეუძლიათ თავისი გამოცდილების გაცვლა, ინსტრუქტაჟი - ეს ბევრად უფრო უსაფრთხოა. ჩვენ დავკარგეთ ორი ოფიცერი, მაგრამ იმ მასშტაბის ქართველებთან შედარებით, რამდენიც აქ არიან, ღმერთმა ჩვენ გადაგვარჩინა და მინდა ასე გაგრძელდეს", - აღნიშნა სააკაშვილმა.