უკრაინაში გენერალური პროკურორის მოადგილედ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით საყვარელიძე დაინიშნა, მანამდე მაღალ თანამდებობაზე ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დანიშნეს. რამდენად სწორია უკრაინის მხრიდან ამ ნაბიჯების გადადგმა, ექსპერტ მამუკა არეშიძესთან საუბარი სწორედ ამ კითხვით დავიწყეთ.
- უნდა ითქვას, რომ უკრაინის ხელისუფლება, თავის გადაწყვეტილებებში თავისუფალი არაა. ჩვენ რომ ანალიზი გავაკეთოთ იმისა, თუ რატომ ხდება ეს დანიშვნები უკრაინაში, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი გარემოება - დღეს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება. უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების მოკავშირეები არიან დასავლეთის პოლიტიკური წრეები, განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც რუსეთისგან მოითხოვენ გატარებული პოლიტიკის შეცვლას. ამ წრის პოლიტიკოსებისათვის მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ითვლებიან აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლური პოლიტიკის გამტარებლებად და აქედან გამომდინარე, არცაა გასაკვირი, უკრაინაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მაღალ თანმდებობაზე დანიშვნა. ობიექტური რეალობაა, რომ უკრაინაში მართლა რთული ვითარებაა კორუფციასთან დაკავშირებით და არ მიკვირს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წარმომადგენელი მართლა სჭირდებოდეთ კორუფციის აღმოსაფხვრელად. ვინაიდან "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან "სახელგანთქმულია" კორუფციასთან ბრძოლასთან მიმართებაში, თუმცა უნდა ითქვას რომ მსოფლიომ იცის მედლის მხოლოდ ერთი მხარე და ელიტური კორუფციის შესახებ, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ჰქონდა ადგილი, არაფერი იციან და აქედან გამომდინარე იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს.
- რამდენად სწორია ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯები, უკრაინასთან მიმართებაში?
- მოდით პირველ რიგში ვთქვათ, რომ ისინი, ვინც უკრაინაში დაინიშნენ (საყვარელიძე, ზღულაძე და კვიტაშვილი.) არცერთი არაა ძებნილი საქართველოს მიერ. მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც იურიდიულად ძებნილის სტატუსი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პრეტენზიები არსებობს ყველა ზემოთ ჩამოთვლილის მიმართ, ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო უკრაინის მთავრობას ომი უნდა გამოვუცხადოთ. ბუნებრივია, შესაძლებელია, ჩვენ ჩვენი შენიშვნები ვუთხრათ და ჩვენი უკმაყოფილებაც გამოვთქვათ, მაგრამ ამან უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობას არ უნდა შეუშალოს ხელი. საქართველოს მომავლისათვის ბევრი რამ, დღეს უკრაინაში წყდება.
- ბატონო მამუკა, მინდა გკითხოთ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებითაც. ბოლო დღეებია პროკურატურა აშკარად გააქტიურდა, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საკმაოდ მძიმე ბრალდების გაჟღერება მოჰყვა...
- არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ადეკვატურად ის განცხადებები, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ავრცელებენ. მე არ მაინტერესებს, რა ორინეტაციის იყო ზურაბ ჟვანია, მე მაინტერესებს რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სწორედ ამას აქვს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ არსებობს ვიდეო კადრები, სადაც ასახულია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მომენტი. თქვენ თუ გსმენიათ ამის შესახებ?
- მე სხვადასხვა ტიპის ბევრი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ვერ ხერხდება ამ ინფორმაციების გადამოწმება, ამიტომ დღეს მე ამაზე ლაპარაკს ნამდვილად არ დავიწყებ, როდესაც საქმე გაჩერებული იყო და არ იყო არანაირი წინსვლა, მაშინ ხშირად ვამბობდი ხოლმე ჩემს მოსაზრებებს, მაგრამ დღეს სიტუაცია შეცვლილია და ვაცადოთ პროკურატურას, თუ რას გამოიძიებს.
- ბევრგან იწრება, რომ ხელისუფლებას ჩრდილოვანად მართავს ბიძინა ივანიშვილი. თქვენ როგორ თვლით, რამდენად ადეკვატურია ეს შეფასება?
- ეს არის გავლენების რეალიზება, რომელიც მას აქვს პარლამენტზე თუ აღმსარულებელ ხელისუფლებაზე. სიმართლე გითხრათ, ეს მე არ მიკვირის, მეტიც, ვთვლი რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია, რადგან ამის პრაქტიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია. წლების მანძილზე ასე იმართებოდა ჩინეთის უზარმაზი იმპერია. თუნდაც აშშ-ში, თქვენ თუ გგონიათ, რომ საგარეო პოლიტიკას მხოლოდ თეთრი სახლის ადმინისტრაცია წყვეტს, ტრანსნაციონალური კომპანიების და ცნობილი პიროვნებების ჩარევის გარეშე (მაგ. ბზეჟინსკის), ძალიან ცდებით. აქედან გამომდინარე, ივანიშვილის მიერ რაიმეს მართვაში კატასტროფას ვერ ვხედავ, მთავარია, რომ იყოს შედეგი, ხოლო თუ უშედეგო იქნება, მაშინ ძალიან ცუდი იქნება. სხვათა შორის, მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ის მხოლოდ მაშინ უნდა წასულიყო პოლიტიკიდან, როდესაც შეიქმნებოდა ქვეყნის განვითარების მყარი საფუძველი. სამწუხაროდ, ის ისე წავიდა, რომ ეს საფუძველი არ შექმნა. მან გასცა დაპირებების დიდი პაკეტი. როდესაც ხედავს, რომ ეს დაპირება არ სრულდება მაშინ უნდა დაბრუნდეს, მაგრამ თუ მას არ სურს პოლიტიკაში დაბრუნება, ის მაინც უნდა შეძლოს, რომ ისეთი გუნდი შექმნას, ვინც ამ დანაპირებს შეასრულებს.
- ბატონო მამუკა, უკანასკნელი დღეებია ძალიან აქტიურად ისმის ლევან ვასაძის სახელი. რამდენად შესაძლებელია, რომ ის პოლიტიკაში ვიხილოთ?
- ლევან ვასაძის კი არა, ნებისმიერი ქართველის პოლიტიკაში მოსვლის ალბათობაც ძალიან მაღალია. საქართველო ისეთი ქვეყანაა, უცებ შეიძლება ვინმე მოვიდეს პოლიტიკაში. სამწუხაროდ, დღეს ქართული საზოგადოება, პოლიტიკოსს აღიქვამს გულით და არ გონებით. არ აანალიზებს მის ბიოგრაფიას, საქმიანობას, პროგრამას და სხვა. ემოციურად რაც მოსწონთ, იმას უჭერენ მხარს და ცოტა ხანში შეიძლება აღარ მოსწონდეთ. ასეთი მაგალითები ბევრი გვქონდა საქართველოს ისტორიაში, სწორედ ამიტომ არ გამოვრიცხავ არავის მოსვლას პოლიტიკაში, მით უმეტეს ლევან ვასაძისას, რომელსაც მართლაც აქვს გარკვეული ქარიზმა და ბევრი დადებითი თვისება.
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE