ამჯერად ციმბირში მცხოვრები ხალხით დავინტერესდით, რომლებსაც დღემდე მართლაც ძალიან უცნაური ტრადიციები და ცხოვრების წესი აქვთ. ეს ადამიანები იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, რუსეთის ფედერაციაში ერთიანდებიან, თუმცა მათი წარმომავლობა, ყოფა, ენა და ა.შ. რუსეთს სრულიად არ უკავშირდება.
ამ ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ნენცებით არის დასახლებული. ნენცები ციმბირის ტერიტორიაზე უძველეს დროში დასახლდნენ და მას მერე იქ ცხოვრობენ. მათ თავიანთი ენა აქვთ, თავისი დიალექტებით - მაგალითად, ერთ-ერთ დიალექტს ტუნდრული ჰქვია.
ნენცების გარეგნობაში გაერთიანებულია მონგოლოიდური და ევროპული ნაკვთები. საშუალო სიმაღლის, ღია ფერის, ოდნავ მოყვითალონი არიან. ცხოვრების მკაცრი პირობებიდან გამომდი-ნარე, თავადვე მიეჩვივნენ უნიკალური სამოსის დამზადებას, რომელიც მათ იცავს გამუდმებული სიცივის, თოვლისა და ქარისგან და ათბობს. ძირითადად, მათი სამოსი ნანადირევის ბეწვითა და ტყავით არის შექმნილი - უმთავრესად, ირმის.