მომღერალი ინდირა ჯგერნაია, რომელიც არ ერიდება მედიასთან პირად დრამებზე საუბარს, ამჯერად ბოლო წარუმატებელი სასიყვარულო ისტორიის შესახებ გაზეთ "პრაიმ-ტაიმთან" საუბრობს. Ambebi.ge გთავაზობთ ინტერვიუს არასრულ ვერსიას.
ინდირა ჯგერნაია: გული მწყდება იმაზე, რომ სამი წლის განმავლობაში ვერ გავიცანი ადამიანი და სულ სხვა ვინმე შემრჩა ხელში. პირველი წელი იდეალური იყო, მეორე წელიც კარგი იყო. ბოლო სამი თვე კი მეგონა, სულ სხვა ადამიანთან ვცხოვრობდი. დღეს მე ძალიან ვნანობ, რომ იმ ადამიანის გულისთვის ჩემი ოჯახის წინააღმდეგ წავედი. ვგულისხმობ იმას, რომ ჩემები ჩემი მასთან ერთად ცხოვრების წინააღმდეგნი იყვნენ. ვნანობ. ეგ ადამიანი არ ღირდა იმად, რომ მე ჩემი ოჯახის წინააღმდეგ წავსულიყავი. მიხარია ის, რომ ქორწინებაში არ ვყოფილვართ. მე რომ შვილი მყოლოდა, მისი ხათრით ამ რაღაცების დათმობა მომიწევდა. მარტოხელა დედობაზე გაფიქრებაც არ მინდა.
ჩვენი ურთიერთობა "ნიჭიერის" პერიოდში დაიძაბა. საუბრებს ჩხუბით ვასრულებდით. ჩვენს სახლში ლეწვა-მსხვრევის ხმა ისმოდა. ამის გაგრძელება შეუძლებელი იყო. ახლა სახლში ხელოსნები მყავს და ჩვენს დალეწილს ვასწორებინებ.
"პრაიმ ტაიმი": მაინც რა გახდა მისი ასე შეცვლის მიზეზი?
ინდირა ჯგერნაია: მე აღარ მრჩებოდა იმის დრო, რომ მისთვის ყურადღების დიდი ნაწილი დამეთმო. ეს გაუგებრობა დროის უქონლობის გამო გაჩნდა. დეპრესიაში მყოფი სახლში ვიჯექი და გვერდით მყავდა. რომ გამოვკეთდი და პროექტში ვმონაწილეობდი, უყურადღებობით პრობლემები შეგვექმნა. შეიცვალა და ისეთი ეჭვიანი გახდა, რომ მის გვერდით ცხოვრება გაუსაძლისი იყო. ქუჩაში წანწალს მიეჩვიეო - ეს იყო საყვედურების დასაწყის. იყო უაზრო ეჭვიანობის ფრაზები - რატომ გეჯდა გვერდით? ასე ახლოს რატომ დაგიჯდა? რატომ ესაუბრე? ასეთი ელემენტარული რამიდან იმხელა ჩხუბამდე მივდიოდით, წყობიდან გამოვყავდი. ღამით მაღვიძედა და იგივე კითხვებს მისვამდა, რასაც დღისით, ეგონა ძილში "სიმართლეს" დამაცდენინებდა. "ფეისბუქზე" კითხულობდა კომენტარებს, პასუხებს ჩემს ნაცვლად თვითონ წერდა. ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით "ნიჭიერში" 10 ათასი ევრო რომ მოვიგე, "ფეისბუქზე" ჭორაობა ატყდა - რატომ მისცა ამდენი ფული, საყვარლები ხომ არ არიანო? გაღიზიანდა ამ კომენტარებზე. თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა, ვერ ეგუებოდა. ამ დროს თვითონ იცოდა, ნიკასთან როგორი მორიდებული ურთიერთობაც მაქვს. მაგრამ ამ ჭორაობას უღრმავდებოდა, ეჭვებში ვარდებოდა, რას იფიქრებენ შენზეო. მარტივად იცხოვრე-მეთქი ვურჩევდი, მაგრამ ეს ვერ მოახერხა, გულში იხვევდა ბევრ რამეს. ერთი კვირა დარდობდა, ასე რატომ გითხრესო. ხალხი რომ დიდ ყურადღებას მაქცევდა, გაღიზიანება დაეწყო. გიჟდებოდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. რესტორანში ვიყავი მეგობრებთან ერთად და იქ მოვარდა და "კონცერტები" ჩამიტარა. უკვე გაუსაძლისი გახდა მის გვერდით ყოფნა. ბევრი სიკეთე გამიკეთა, მძიმე დროს გვერდით მედგა. მასზე დამოკიდებული ვიყავი. მივენდე, მაგრამ ავადმყოფური ეჭვიანობით არც მე, არც ოჯახის წევრები და არც მეგობრები არ დაგვზოგა. ეს ავადმყოფობაა, სიყვარული არ არის. ზოგი კაცის ბუნებაში ეს დევს და ადრე თუ გვიან ამჟღავნებს. თუ პირველი გამოვლინება აპატიე, მერე სულ გამოამჟღავნებს და ჯოჯოხეთში გაცხოვრებს. ამიტომ, ერთხელაც კარი გავუღე და გადი, შენი დანახვა აღარ მინდა-მეთქი, ვუთხარი. არის რაღაც, რასაც ვერ ვპატიობ. მას ვერ წარმოედგინა თუ მე ამ გადაწყვტეილებას მივიღებდი. ბოდიშები მიხადა, პატიება ითხოვა, მაგრამ ეს უკვე გვიანია. ერთხელ რომ გატკენს, ის მეორედაც გატკენს და ასე გააგრძელებს. ამიტომ იქვე უნდა გაწყვიტო ურთიერთობა. ძნელია, მის გარეშე ცხოვრება მიჭირს, მაგრამ იმედია, ამ ყველაფერს დავძლევ.