შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი რუსთავი 2-ის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გავრცელებულ ინფორმაციას პოლიციის დისკრედიტაციად აფასებს. ნინო გიორგობიანი "ფეისბუქის" გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ "განსხვავებულ აქცენტებში" გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოს პოლიციელის თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა რამაზ დევაძემ საზღვარი გადაკვეთა და პოლიციამ ის მხოლოდ სარფში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ დააკავა, არის სრული სიცრუე და დაუსაბუთებელ ჭორებზე აგებული ტყუილი, რომელიც მხოლოდ პოლიციის დისკრედიტაციას ემსახურება. ამასთან, ნინო გიორგობიანმა "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა კადრები, რომელშიც რანაზ დევაძის დაკავებაა ასახული[ვიდეო].
ნინო გიორგობიანის შემდეგ "აქცენტებში" გასულ სიუჟეტს შინაგან საქმეთა მოადგილე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პოლიციელ თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძე არათუ ნეიტრალურ ზონაში, არამედ საპასპორტო კონტროლის დროს შეაჩერეს, რასაც მისი დაკავება მოჰყვა.
ჩვენ გვსურს საზოგადოებამ იცოდეს სრული სიმართლე ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. გვსურს მაღალი საჯარო ინტერესის გამო გამოვაქვეყნოთ ვიდეოჩანაწერი და საზღვრის კვეთის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი. აქ ჩანს, რომ დევაძე არათუ ნეიტრალურ ზონაში შეაჩერეს, არამედ შეაჩერეს საპასპორტო კონტროლის დროს, რასაც მოჰყვა მისი დაკავება. დევაძე ამჟამად იმყოფება პატიმრობაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მისი ერთადერთი მფარველი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არის მისი ადვოკატი", -განაცხადა თალაკვაძემ.
დღესვე არჩილ თალაკვაძემ მედიას საზღვრის კვეთის შესაბამისი ვიდეომასალაც წარუდგინა. "მომხდარიდან მოკლე დროში დევაძე ცდილობს დატოვოს ქვეყანა. ჩანაწერში ჩანს, რომ ის რიგს არ იცავს, მოქალაქეებს გადასწევს და ცდილობს პირველი ჩადგეს რიგში. აქვე ხედავთ, რომ ცვლის უფროსს ატყობინებენ, რომ თუ დაინახავს შეაჩეროს და ამ დავალებას პირნათლად ასრულებს. ხედავთ, რომ ამ პიროვნებასთან დასაკავებლად მოდის პოლიციის თანამშრომელთან. ხედავთ, რომ ეს ადამიანი დაკავებულია და გადაჰყავთ პოლიციის თანამშრომლებს. აქვე არის საზღვრის კვეთის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, სადაც გარკვევით წერია, რომ მას საქართველოს საზღვარი არ გადუკვეთია და უარი ეთქვა მის გადაკვეთაზე", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, გადაცემის ავტორებს არც კი მიუმართავთ შს სამინისტროსთვის, რომ ფაქტობრივი გარემოებები გადაემოწმებინათ. "ეს გვაფიქრებინებს, რომ სავარაუდოდ ეს გააკეთეს იმიტომ, რომ ამ გადაცემისთვის არ იქნებოდა მომგებიანი რომ სიმართლე ეთქვათ საზოგადობისთვის", - განაცხადა თალკვაძემ.
"რუსთავი 2"-ის გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" წამყვანი ეკა კვესიტაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და გავრცელებულ ვიდეომასალას სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პასუხობს.
როგორც კვესიტაძე წერს, "განსხვავებულ აქცენტებში" გასული შოკისმომგვრელი ფაქტების საპასუხოდ, რომლებიც, სამწუხაროდ, ადასტურებს, თუ როგორ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალურ სამყაროსთან", შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, რომლითაც ის თითქოს ჩვენს გადაცემას სიცრუეში ამხელს, სინამდვილეში კი, გადაცემაში წარმოდგენილ ფაქტებს ამყარებს.
"ის, რომ შსს-მ პასუხი ვერ გასცა ჩვენს გადაცემაში მოყვანილ სხვა ვერც ერთ კონკრეტულ ფაქტს, მათ შორის ე.წ. "კანონიერი ქურდების", მინდია გორაძის, მეტსახელად "ლავას-ოღლის", გიორგი ჯანელიძის, მეტსახელად "გოგი პიტერსკისა" და ჯუმბერ გუგავას რუსეთიდან და უკრაინიდან საქართველოში დეპორტაციის უტყუარ ვიდეო მტკიცებულებებს, კიდევ ერთხელ არწმუნებს საზოგადოებას ჩვენს სრულ სიმართლეში", - წერს კვესიტაძე.
მისივე თქმით, რაც შეეხება სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან კადრების ჩვენებას, რომლებზეც, სავარაუდოდ, პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძეა ასახული, მათზე მართლაც ჩანს, რომ ამ პიროვნების პასპორტი მესაზღვრეებმა სისტემაში გაატარეს, რისი მტკიცებულებაც გადაცემაში წარმოადგინეს.
"შეგახსენებთ, რომ ჩვენ გავავრცელეთ სამინისტროს საინფორმაციო ბაზიდან ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტი, რომელიც პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძის მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთას ადასტურებას.
ამავდროულად, კადრებში არ ჩანს დევაძის დაკავების მომენტი და გაუგებარია, თუ სად გაჰყავთ დარბაზიდან ან სად აცილებენ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ პირს პოლიციელები. ამას გარდა, არ არის მითითებული, თუ როდისაა აღნიშნული კადრები გადაღებული.
სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის წუხილი, რომ გადაცემის ავტორებმა მასთან ფაქტების გადამოწმება არ მოისურვეს, უბრალოდ ფარისევლობაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერაც არ უპასუხია ჩვენს წერილზე, სადაც ვითხოვთ საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის რევაზ ურუშაძის თანამდებობიდან მოხსნის მიზეზის ახსნას, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის "ლავას-ოღლის" საზღვარზე შეყოვნებას შეეწირა.
სამინისტროს ასევე შევახსენებთ, რომ ინფორმაცია რამაზ დევაძის მიერ საზღვრის გადაკვეთის შესახებ თვენახევრის წინ გავრცელდა. უცნაურია, რომ გადაკვეთის
"დამადასტურებელი" კადრები სამინისტრომ მხოლოდ თვენახევრის შემდეგ იპოვა.
და ბოლოს, თუ სამინისტროს სურს, ჩვენს გადაცემებში დასმულ კითხვებს გამოეხმაუროს, სიამოვნებით მოვისმენთ მათ პასუხს იმაზე, დამზადდა თუ არა ჰაკიმ-ფაშას მიერ გავრცელებული ფოტომასალა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვისი დავალებით დაამონტაჟეს ბომბი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის სახლთან, როგორ მიმდინარეობს ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიება და ა.შ.
P.S. ჩვენს მიერ თვეების წინ დასმულ ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე სამინისტროში პასუხი ან არ გაუციათ ან პასუხის დაპირების შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს საერთოდ არ პასუხობდნენ. იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგ გადაცემებზე მუშაობისას სამინისტროს წარმომადგენლები იქნებიან უფრო მეტად ოპერატიულები, პასუხისმგებლიანები და ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს დროულად უპასუხებენ",- წერს ეკა კვესიტაძე.