შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პოლიციელ თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძე არათუ ნეიტრალურ ზონაში, არამედ საპასპორტო კონტროლის დროს შეაჩერეს, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც "რუსთავი 2"-ის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით პოლიციელ თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა რამაზ დევაძემ საზღვარი გადაკვეთა და პოლიციამ ის მხოლოდ სარფში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ დააკავა.
"გუშინ, მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2014 წლის დეკემბერში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულმა დევაძემ საქართველო-თურქეთის საზღვარი გადაკვეთა მფარველების ხელშეწყობით.
ჩვენ გვსურს საზოგადოებამ იცოდეს სრული სიმართლე ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. გვსურს მაღალი საჯარო ინტერესის გამო გამოვაქვეყნოთ ვიდეოჩანაწერი და საზღვრის კვეთის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი. აქ ჩანს, რომ დევაძე არათუ ნეიტრალურ ზონაში შეაჩერეს, არამედ შეაჩერეს საპასპორტო კონტროლის დროს, რასაც მოჰყვა მისი დაკავება. დევაძე ამჟამად იმყოფება პატიმრობაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მისი ერთადერთი მფარველი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არის მისი ადვოკატი", - განაცხადა თალაკვაძემ.
დღესვე არჩილ თალაკვაძემ მედიას საზღვრის კვეთის შესაბამისი ვიდეომასალაც წარუდგინა. "მომხდარიდან მოკლე დროში დევაძე ცდილობს დატოვოს ქვეყანა. ჩანაწერში ჩანს, რომ ის რიგს არ იცავს, მოქალაქეებს გადასწევს და ცდილობს პირველი ჩადგეს რიგში. აქვე ხედავთ, რომ ცვლის უფროსს ატყობინებენ, რომ თუ დაინახავს შეაჩეროს და ამ დავალებას პირნათლად ასრულებს. ხედავთ, რომ ამ პიროვნებასთან დასაკავებლად მოდის პოლიციის თანამშრომელთან. ხედავთ, რომ ეს ადამიანი დაკავებულია და გადაჰყავთ პოლიციის თანამშრომლებს. აქვე არის საზღვრის კვეთის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, სადაც გარკვევით წერია, რომ მას საქართველოს საზღვარი არ გადუკვეთია და უარი ეთქვა მის გადაკვეთაზე", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, გადაცემის ავტორებს არც კი მიუმართავთ შს სამინისტროსთვის, რომ ფაქტობრივი გარემოებები გადაემოწმებინათ. "ეს გვაფიქრებინებს, რომ სავარაუდოდ ეს გააკეთეს იმიტომ, რომ ამ გადაცემისთვის არ იქნებოდა მომგებიანი რომ სიმართლე ეთქვათ საზოგადობისთვის", - განაცხადა თალკვაძემ.
იხილეთ ასევე: ეკა კვესიტაძე - შსს-ს წარმომადგენლის წუხილი, რომ გადაცემის ავტორებმა მასთან ფაქტების გადამოწმება არ მოისურვეს, ფარისევლობაა