ჩუღურეთი - მომდინარეობს თურქული სიტყვიდან "ჩუქორ," რაც ქართულად ხევს, ფერდობს ნიშნავს. დიახ, ამ ადგილს სამი მხრიდან სწორედ ხევი ერტყა.
XII საუკუნის დასასრულისა და XIII საუკუნის დასაწყისში საქართველოს მეფის რეზიდენცია მტკვრის მარცხენა ნაპირზე გახლდათ, სადაც პრაქტიკულად, სიცოცხლე ჩქეფდა. სხვადასხვა საქონლით დატვირთული აურაცხელი ქარავანი "ქალაქის კარით" თბილისში შემოდიოდა, რისთვისაც ძველი ჩუღურეთის ტერიტორიაზე გამავალი გზა ინტენსიურად გამოიყენებოდა (რასაც გვიდასტურებს რიყისა და ხეთაგუროვის ქუჩებზე მიწის თხრის დროს აღმოჩენილი ჯალალ-ედ-დინისდროინდელი და მონღოლური მონეტები). ეს გზა დიდუბეში მიდიოდა და "ჩუღურეთის" ტერიტორიაზე მდებარე ორ დიდ ხევზე - "ჩუღურეთისა" და "დიდხევზე" გადადიოდა.
XIX საუკუნეში, როცა სოფელი ჩუღურეთი თბილისს შემოუერთეს, ძველი "ავჭალის გზის" ნაწილი მდინარე მტკვართან სიახლოვის გამო, "რიყის ქუჩა" (შემდეგ ხეთაგუროვის ქუჩა) ეწოდა.
ჩუღურეთის ტერიტორიაზე აღმოსავლეთით მეორე გზა გადიოდა - "ზემო გზა" (დღეს იქ რკინიგზა გადის), რომელიც სოფელ ავლაბრიდან დიდუბისკენ მიემართებოდა. უბნის მოსახლეობა, საუკუნეების მანძილზე მნიშვნელოვნად იცვლებოდა. 1707 წლის სიგელში, 1721 წელის აღწერის დავთარში, ვახუშტი ბაგრატიონის 1735 წლის თბილისის გეგმაზე დატანილი მოსახლეობის აღმნიშვნელი უჯრედები, როგორც სპეციალისტები ამბობენ, იმ პერიოდში სოფელი ჩუღურეთის მჭიდრო და მრავალრიცხოვან დასახლებაზე მიანიშნებს.
სოფელი ჩუღურეთი მეფე ერეკლემ თავად ამუტინს 1795 წლის დეკემბერში უბოძა. 1829 წლის 29 მარტს სახაზინო ექსპედიციის დადგენილებით - ჩუღურეთი 49 დესეტინასა და 1040 საჟენ სასარგებლო მიწას და 3 დესეტინა და 200 საჟენ გამოუსადეგარ მიწას მოიცავდა. ჩუღურეთის მიწაზე 104 კომლი მოსახლე ბინადრობდა, აქედან 12 - საეკლესიო, 42 სახელმწიფო და 48 სათავადო და სააზნაურო.
XIX საუკუნის დასაწყისში, იქ მეტწილად მიწური სადგომები და ერთსართულიანი სახლები იყო. განვითარებული გახლდათ სოფლის მეურნეობა და ხელოსნობა, სადაც მიწადმოქმედი ყმა გლეხები და ხელოსნები ბინადრობდნენ...
1823 წლის საქართველოს სტატისტიკური აღწერის შედეგად, ჩუღურეთში იყო: ათი აგურის ქარხანა, ოთხი სამეურნეო ქარხანა, რვა სამღებრო, სამი სამჭედლო, ერთი საპნის ქარხანა, ერთი სადალაქო, ორი დუქანი, ორი გაჯის ქარხანა, ლუდსახარში და ერთი თონე.
ჩუღურეთის თიხნარი ნიადაგი სამეთუნეო მეურნეობის ერთ-ერთი წყარო გახლდათ. მეთუნუქეები, ისევე როგორც სხვა ხელოსნები გაერთიანებულები იყვნენ ამქარში. ჩუღურეთში დღეს მეთუნეობაზე ქუჩების სახელები მიგვანიშნებს. ქუჩათა სახელები ძველი თბილისის დაფურცლული მატიანის შემადგენელი ნაწილია...
ცნობილია, რომ თბილისელები სასმელ წყლად მტკვარს იყენებდნენ. წყლის მზიდავებს - მეთულუხჩეებს ეძახდნენ. ჩუღურეთში მტკვართან ახლოს, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის გვერდით, წყალსაქაჩი იყო. წყლის მზიდავებს ვიწრო ქუჩით წყალი დაჰქონდათ. უამინდობის დროს ეს ქუჩა თითქმის გაუვალი ხდებოდა და ამ ქუჩას შემდეგში "წყალსაწევის" ქუჩა ეწოდა.
ქალაქის ბაზარზე ჩუღურეთელებს აგურის, კრამიტისა და თიხის ჭურჭელის გარდა, გასაყიდად საპონიც გაჰქონდათ, ჩუღურეთის საპნის სახარში XIX - საუკუნის 30-იანი წლების ჩათვლით, იმდროინდელ თბილისში ერთადერთი იყო. ეს სახარში მტკვრის პირას დიდხევის ახლოს მდებარეობდა.
XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო ჩუღურეთის საზღვრის დიდი ხევის ამოვსება და გადახურვა. თანდათან ამოივსო კვირაცხოვლის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე. "დიდ ხევზე" გატანილ ახალ ქუჩას "კრასნოგორსკაიას" სახელი ეწოდა.
XIX საუკუნის II ნახევრიდან დაიწყო თბილისის ძველ უბნებში მათ შორის ჩუღურეთში ევროპული ტიპის შენობების აგება და ძეგლების აგება, რომელთაგან დღეს ბევრი ისტორიულ ძეგლადაა მიჩნეული...
მომზადა ლალი ფაციამ