საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის რჩევები შეიძლება უკრაინისთვის უბედურების მომტანი გახდეს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ივანიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს მრჩევლად დანიშვნის ფაქტს სამწუხარო უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურას სააკაშვილისთვის რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული.
"ბუნებრივია, მეგობარ სახელმწიფოს ამაზე რეაქცია უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს ადეიშვილზე, რომელიც სააკაშვილისგან განსხვავებით, წითელი ცირკულარით იძებნება. უკრაინა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ურთიერთობის გასაღრმავებლად და მას მაქსიმალურად დავეხმაროთ. ქართველებისთვის შემაშფოთებელი სხვა რამ უნდა იყოს. შეიძლება აქედან გაასწრეს, მაგრამ უკრაინელებს ვეღარ გამოასწრონ", _ დასძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, 2008 წლის ტრაგედიაში მიხეილ სააკაშვილის შეცდომებს დიდი წვლილი მიუძღვის და "ამ კაცს უკრაინაში მრჩევლად ნიშნავენ". ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ეს სახიფათოა და დასძენს, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა უკრაინაში ძველი ხელწერით გააგრძელეს მოქმედება, ამაზე უკრაინელებს მწვავე რეაქცია ექნებათ.
"თუმცა, ტრაგიკულადაც ნუ დავხატავთ ამ პროცესს. ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მას თავისი არჩეული ხელმძღვანელობა ჰყავს, თუმცა გვერჩივნა, საქართველოს დღევანდელი მთავრობისა და პროკურატურის პოზიცია, ზოგადად, მისი მეგობარი სახელმწიფოს პოზიცია გაეთვალისწინებინათ", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სრული ვერსია "კვირის პალიტრის" 16 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდება.