"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის და უვიზო მიმოსვლის საკითხი საფრთხის წინაშე დადგა.
როგორც პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, რომელიც 21-22 მაისს გაიმართება, არც ისე დიდი დროა დარჩენილი, შიდა სამუშაოები ქვეყანაში ძალიან ბევრი მიმართულებით მეტ-ნაკლებად სრულდება, თუმცა ეს არ არის საკმარისი.
"მე ვერ ვხედავ, რომ ჩვენი მინისტრები და მთავრობის წარმომადგენლები ინტენსიურ კომუნიკაციაში არიან თავის კოლეგებთან, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე. ვერ ვხედავ, რომ პრემიერი პირადად დიდ ძალისხმევას იჩენს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
მისივე თქმით, არის სამი ძირითადი პრობლემა - მიგრაციის პოლიტიკა, სადაც როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი.
ვიქტორ დოლიძემ კიდევ ერთ, თავშესაფრის პოლიტიკაზე. ამასთან დაკავშირებით "თავისუფალი დემოკრატები" აპირებენ, პარლამენტში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი საოზარ სუბარი ან მისი მოადგილეები დაიბარონ.
მესამე პრობლემატურ საკითხად დოლიძემ საზღვრის დაცვის თემა დაასახელა. როგორც დოლიძემ განაცხადა, ეს სამი არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტები იმისა, რომ ვიზის ლიბერალიზააცის და უვიზო მიმოსვლის საკითხში წინსვლა იყოს.
როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, ეს არის თემა, რომელსაც "თავისუფალი დემოკრატები", როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელ დონეზე მონიტორინგს გაუწევენ, თუ რა კეთდება ამ მიმართულებით.
"მე დღეს ჩამოვედი სტრასბურგიდან, ჩემს კოლეგებს შევხდი. რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინიც განიცდიან დღევანდელ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ნაკლებობას. თუ ჩვენ არ ვიაქტიურებთ და არ ვიქნებით მაქსიმალურად პროაქტიურები ამ თემასთან დაკავშირებით, დამიჯერეთ, არავინ სხვა ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს. ამიტომ მოვუწოდებ საქრათველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის სხვა წევრებს, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართული, უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.