"30 წლის ხანუმ ჯეირანოვას გარდაცვალების საქმეზე თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობა ძნელი დასამტკიცებელია", - ამის შესახებ მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა მაია კვირიკაშვილმა ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმეზე გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"ოჯახის წევრები ცემის ფაქტს არ ადასტურებენ. შესაბამისად, თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაციის მინიჭება ძალიან ძნელია", - აღნიშნა მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა.
საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვამ თავი 2014 წლის 17 სექტემბერს მოიკლა. თვითმკვლელობამდე 2 დღით ადრე ორი შვილის დედა მეუღლის ნათესავებმა ქუჩაში დაიჭირეს, ქმრის ღალატი დააბრალეს, ფეხსაცმელი, წინდები გახადეს და სოფელ ლამბალოში ჩამოატარეს - "უნამუსოაო". თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცები ქალს აგინებდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.