როდესაც მედია ბიზნესია და არა "ნაცების" ან "ქოცების" პოლიტიკური იარაღი

როდესაც მედია ბიზნესია და არა "ნაცების" ან "ქოცების" პოლიტიკური იარაღი

სამი წლის წინ, როდესაც ჩავთვალე, რომ ჩვეული საქმის კეთება დიდ სიამოვნებას აღარ მანიჭებდა და ახალი საქმე და ახალი გამოცდილება მჭირდებოდა, ხელმძღვანელობას ინტერნეტგამოცემების რედაქციიდან ტელევიზიაში გადაყვანა ვთხოვე, რომელიც სწორედ მაშინ იწყებდა მაუწყებლობას. საუბარი მაქვს "პალიტრა TV"-ზე, რომელიც ჩემს თვალწინ "დაიბადა" და მაუწყებლობა ერთი ძალიან, ძალიან მოკრძალებული სტუდიიდან, კიდევ უფრო მოკრძალებული ტექნიკით დაიწყო. იმ პერიოდში ახლადგახსნილი ტელევიზიის რამდენიმე გადაცემის პროდიუსერი ვიყავი და საკუთარ თავზე გამოვცადე ის სირთულე, რასაც გასამართ, დამწყებ ტელევიზიაში თანამედროვე ტექნიკის უქონლობა ქმნის.

ამ სფეროში არაფერია იმაზე ცუდი, როდესაც გაქვს იდეა, მაგრამ ტექნიკური რესურსები მისი განხორციელების საშუალებას არ გაძლევს. გადის ტელევიზია ეთერში ერთი კამერით, რომელსაც ოპერატორიც არ ჰყავს, გადიხარ ეთერში ვირტუალური სტუდიით, რადგან რეალური სტუდიის ფული არ გაქვს, და გადაცემაში მხოლოდ ერთი სტუმარი მოგყავს, რადგან ორი სტუმრის ადგილი და ერთზე მეტი კამერა არ გაქვს. აღარაფერს ვამბობ სტუმრებისა და მაყურებლის წინაშე პირდაპირ ეთერში შექმნილ იმ უხერხულობებზე, რასაც საჭირო ტექნიკის არარსებობა განაპირობებს... მოკლედ, ეს იყო ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორ დაუღალავად იწყებდა ძალიან პატარა ტელევიზია დიდი გეგმების განხორციელებისთვის ზრდას. როგორ იბრძოდა არსებობისთვის ერთი კონკრეტული მედია, რომელსაც სურდა განვითარებულიყო როგორც მედიაბიზნესი და არა როგორც რომელიმე პოლიტიკური პარტიის სატელევიზიო სტუდია, თორემ ქართველ მაყურებელს არაერთი ახალი ტელევიზია უნახავს, რომელიც პოლიტიკური ფულის წყალობით კარგი ხარისხითა და ბრწყინვალე სტუდიებით გავიდა ეთერში, თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ განვითარდა, როგორც დამოუკიდებელი ბიზნესი, ვინაიდან ისინი ყოველთვის დამოკიდებულები იყვნენ და არიან პოლიტიკაზე და იყვნენ და ზოგი მათგანი დღემდე რჩება კონკრეტული პოლიტიკოსების ბრძოლის ინსტრუმენტად...

დღეს "პალიტრა TV"-ს ეთერში გასვლიდან სამ წელიწადზე მეტი გავიდა და ტელევიზიამ მხოლოდ ახლა შეძლო ნორმალური სატელევიზიო სტუდიის შექმნა და გამოსახულებისა და შინაარსობრივი მხარის თანამედროვე სტანდარტებამდე მიყვანა. ტელევიზია სულ ცოტა ხანში HD ხარისხით გავა ეთერში, რაც არხის მენეჯმენტისა და სარეკლამო სამსახურის დაუღალავი შრომის შედეგია და არა რომელიმე პოლიტიკური გუნდისთვის ტაშის დაკვრით მიღებული ულუფა, თუმცა არხის განვითარება კიდევ უფრო დაჩქარდებოდა იმ შემთხვევაში, ქვეყანაში სარეკლამო ბიზნესის სამართლიანი თამაშის წესები რომ ყოფილიყო დადგენილი...

"პალიტრა TV" მხოლოდ ერთი კონკრეტული მაგალითია, თუ როგორ აზარალებს არსებული კანონი რეკლამის შესახებ დამოუკიდებელ ტელევიზიებს, რომელთა ერთადერთი შემოსავლი რეკლამიდან მიღებული თანხებია. ქვეყანაში კი ასეთი სხვა ტელევიზიებიც არის, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, რომლებსაც არ ეძლეოდა და დღემდე არ ეძლევა საშუალება, რომ განვითარდეს და მაყურებელს უფრო ხარისხიანი და საინტერესო პროდუქტი შესთავაზოს, ვიდრე აქვს, და იქნებ იმაზე ბევრად შინაარსიანი და ღირებულიც, ვიდრე დღეისათვის არსებული მსხვილი ტელევიზიები ქმნიან...

დღეს, პირველად საქართველოს ისტორიაში, პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელ კერძო ტელევიზიებს ეძლევათ საშუალება, რომ განვითარდნენ, ვინაიდან მიმდინარეობს მსჯელობა რეგულაციებზე რეკლამის შესახებ, რომელიც ტელევიზიებს ერთი საათის განმავლობაში 12 წუთიან სარეკლამო ჭრის ზღვარს უდგენს. ამ კანონპროექტის მიღება ხელს აძლევს აბსოლუტურად ყველა მედიასაშუალებას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს გარდა, რადგან ამ კანონის მიღების შემთხვევაში ტელევიზია ვარაუდობს, რომ დაკარგავს 2 მილიონს წელიწადში და მაყურებელს თავს ახვევს მოსაზრებას, თითქოს ამ კანონის მიღების იდეა პოლიტიკური ანგარიშსწორებაა "რუსთავი 2"-ს წინააღმდეგ. მაყურებლის ემოცებზე აპელირებისთვის კი თითქმის ყველა რეიტინგული შოუს წამყვანი გამოჰყავს, რათა მათ თქვან, რომ მათი გადაცემები, ამ კანონის მიღების შემდეგ, აღარ იარსებებენ...

მინდა დავამშვიდო "რუსთავი 2"-ც და მათი წამყვანებიც და ვუთხრა, რომ მათ მიერვე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, "რუსთავი 2"-ს წლიური შემოსავალი 2 მილიონზე ბევრად მეტია, ვიდრე "იმედის" ან "მაესტროს" შემოსავლები, თუმცა ეს ტელევიზიები, განსაკუთრებით "იმედი", არც საპნის ოპერებს, არც საკუთარი წარმოების სერიალებს (რამდენად ხარისხიანია ისინი, თავად განსაჯოს მაყურებელმა), არც "პროფილის" საპირწონედ შემნილი ჯაჯანიძის შოუს და არც "ცეკვავენ ვარსკვლავების" ტიპის მეგაშოუებს აკლებს მაყურებელს, რასაც ძალიან სერიოზული ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსები სჭირდება. ასე რომ მაყურებლის ემოციებზე თამაში და არსებული კანონპროექტის პოლიტიკურ ზეწოლად გასაღება იმ ტელევიზიისგან, რომელიც წლების განმავლობაში იყო და დღემდე რჩება, როგორც ერთი კონკრეტული პარტიის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი, ცოტა უხერხულია...

სინამდვილეში, აღნიშნული კანონპროექტი ერთნაირად მოუტანს სიკეთეს როგორც მედიას, ასევე ბიზნესს, რომელიც ანთავსებს რეკლამას ტელევიზიაში, და რა თქმა უნდა, მაყურებელს.

მედიის შემთხვევაში, არსებული კანონპროექტის განხორციელება სარეკლამო ბაზარს მეტად კონკურენტულს გახდის და დაწესებული ზღვარის გამო, ბიზნესი რეკლამას სხვადასხვა ტელევიზიებში გადაანაწილებს, რაც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს მეტ შემოსავალს და მეტი განვითარების, მაყურებლისთვის კი მეტად საინტერესო და შინაარსობრივი გადაცემების შეთავაზების საშუალებას მისცემს. გარდა ტელემედიისა, ეს კანონპროექტი რადიოებისთვის, ბეჭდური და ინტერნეტგამოცემების განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბიზნესის ის ნაწილი, რომელიც რეგულაციების ამოქმედების შემთხვევაში ტელევიზიების მიერ რეკლამაზე მოსალოდნელი გაზრდილი ფასის გადახდას ვეღარ შეძლებენ, საკუთარი პროდუქტის რეკლამირებისთვის თანხებს სხვა მედიაპლათფორმებზე მიმართავენ, რომლებიც არანაკლებ ეფექტურია (განსაკუთრებით ინტერნეტმედია).

როგორც ავღნიშნე, კანონპროექტის მიღება ბიზნესის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, რადგან დღევანდელ პირობებში, როდესაც სარეკლამო ჭრა უსასრულოა, სრულიად არაეფექტურია უზარმაზარი თანხის გადაყრა რამდენიმე წამის სანაცვლოდ. ცხადია, არაეფექტურია, როდესაც შენი რეკლამა, პირობითად, მეთერთმეტე, მეთხუთმეტე ან ოცდამეერთეა დანარჩენ ოცდაათ რეკლამას შორის, და კაცმა რომ თქვას, უკვე დიდი ხანია მაყურებელი თავს აღარ იკლავს უსასრულო სარეკლამო ჭრის ცქერით, რადგან კარგად იცის როგორ გადაახვიოს, ან რამდენი ხნით გადართოს სხვა არხზე, რომ რეკლამა გამოტოვოს...

და რა თქმა უნდა მაყურებელი, რომელიც მოგებული რჩება არა მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო ნორმებში დადგენილ, მოზომილ 12 წუთ რეკლამას მიიღებს საათში, არამედ პირველ რიგში იმის გამო, რომ ბევრი მედიასაშუალების განვითარება მას მეტი სატელევიზიო პროდუქტის ნახვის შესაძლებლობას მისცემს და ეს იქნება კანონი, რომელიც ნამდვილ დოღს მოაწყობს სატელევიზიო არხებს შორის. მეტი ფინანსური შესაძლებლობა ტელევიზიებისთვის ხომ მეტი იდეის განხორციელების საშუალებაა.

დაბოლოს, მარტივი ჭეშმარიტება - კონკურენცია ხარისხს აძლიერებს, ასეა მედიაშიც!

გიორგი გიორგაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია