"სამართლებრივი თვალსაზრისით სააკაშვილის გუნდისთვის "ეფ-ბი-აის" დასკვნა მომგებიანი არანაირად არ არის. უბრალოდ, ისინი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და ასევე იმას, რომ ოჯახზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინონ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ექსპრემიერის, ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლება ბინძური მეთოდებით ბრძოლას აგრძელებს და ამაზრზენ ჭორებს ავრცელებს. გოგლა ჟვანიას ცნობით, როდესაც პრემიერი გარდაიცვალა, ამ ცნობების გავრცელება უშუალოდ სააკაშვილის დავალებით მაშინვე დაიწყეს. კონკრეტული პირები დადიოდნენ უბან-უბან და ამ ჭორებს ავრცელებდნენ, რათა "ოჯახს საქმის ზედმეტი ქექვა არ დაეწყო", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გოგლა ჟვანია: წინა ხელისუფლება ზურას ბინძურ ჭორებს შეგნებულად უვრცელებდა / "ერთი რამ ვიცი, რომ ყველაფერი ეს ხდებოდა სააკაშვილის უშუალო მითითებით".
"ბინძური ჭორების გავრცელებაზე საუბრობს ექსპრემიერის ყოფილი თანაგუნდელი ელენე თევდორაძეც, რომლის ცნობითაც, ჟვანიას წინააღმდეგ ბინძური ჭორების გავრცელება ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში - შევარდანაძის მმართველობის პერიოდიდან - დაიწყეს. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავის 2"-მა სამშაბათს გაავრცელა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნის ნაწილი, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე მომზადდა. ტელეკომპანიის ცნობით, დასკვნები 2005, 2006 და 2007 წლებით თარიღდება და მათში დეტალურად არის აღწერილი შემთხვევის ადგილი, ყველა ნივთი და ყველა ნივთიერება, რომელიც გამომძიებლებმა ბინაში აღმოაჩინეს. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი. მათ შორის არის არა მარტო ჭიქა და სიგარეტის ნამწვავი, დნმ-ის კვალი ასევე აღმოჩენილია ხალათებსა და ზეწარზეც. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დასკვნაში ასევე წერია, რომ გაზის გამათბობელი დამონტაჟებული იყო არასწორად, ხოლო ბინა ჰერმეტულად იყო დახშული", - აღნიშნავს გამოცემა.
"რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ დასკვნას ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტს ზურაბ ჟვანიას ოჯახის სრულწლოვანი წევრები არაერთხელ გაეცნენ. ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია ამბობს, რომ "ეფ-ბი-აი"-ს დასკვნაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სასარგებლო არაფერი არ წერია. "დოკუმენტის ექსპერიმენტული და შეფასებითი ნაწილები ერთმანეთისგან განსხვავებულია. შეფასებით ნაწილში წერია, რომ ვერაფერი ნახეს ისეთი, რაც შეეწინააღმდეგება უბედური შემთხვევის ვერსიას. საკმაოდ უცნაური ფორმულირებაა, იმიტომ რომ მათივე ნამუშევარი საპირისპიროს მოწმობს", - ამბობს ჟვანია, რომელიც დასძენს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასკვნა უბედურ შემთხვევას არც ადასტურებს და არც უარყოფს. "კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ექსპერიმენტულ ნაწილში შავით თეთრზე წერია, რომ ნახშირჟანგის (ჩO) დოზას არ მიუღწევია სასიკვდილო დოზისთვის. სხვათა შორის სააკაშვილის ხელისუფლებამ დასკვნის ქართულ თარგმანში სრულიად საპირისპირო რაღაც ჩაწერა, კერძოდ ის, რომ ნახშირჟანგმა უმოკლეს დროში მიაღწია და გადააჭარბა სასიკვდილო დოზას", - განმარტავს გოგლა ჟვანია, რომლის თქმით, სააკაშვილის გუნდისთვის ეს დასკვნა მომგებიანი არანაირად არ არის", - დასძენს გამოცემა.
"ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ასევე იმას, რომ მოახდინონ ოჯახზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც უკვე წლებია გრძელდება. ოჯახზე ზემოქმედებას იმიტომ ცდილობენ, რომ ჩვენ არ ვიქექოთ. მაგრამ ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. როდესაც ეს ამბავი მოხდა, მაშინვე ავრცელებდნენ ამ სიბინძურეს. წინა ხელისუფლების დავალებით დადიოდნენ კონკრეტული ადამიანები და ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს ზურას სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა მამაკაცებთან და ასეთ ვითარებაში გარდაიცვალა. მათი დავალების შესასრულებლად ადამიანები დადიოდნენ ქუჩაში და ამ ინფორმაციას საზოგადოებაში შეგნებულად ავრცელებდნენ. ამ ცნობების გავრცელების მთავარი მიზანი ის იყო, რომ არავის არ გასჩენოდა ამ საქმეში ღრმად ქექვის სურვილი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგლა ჟვანია.
"სცენის დადგმაში არ იგულისხმება რაღაც კონკრეტული სცენის დადგმა, ან ადამიანების განლაგება - ამაში მე ვგულისხმობ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. რაშიც საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო ჩართული, სახელმწიფო სტრუქტურები და უშიშროება იყო ამაში ჩართული. როდესაც "ნაცმოძრაობამ" არჩევნები წააგო, მერე დაიწყო სააკაშვილმა ამით მანიპულირება, რომ თურმე საქმეში იყო უხერხული მომენტები და ა.შ. კონკრეტულ ჩვენებებზე მე ვერ ვისაუბრებ. ერთი წუთით დავუშვათ, რომ რასაც ისინი ავრცელებენ, ეს სიმართლეა, მაგრამ მერე რა. რა კავშირი აქვს ამას სიკვდილის გარემოებებთან? რა კავშირი აქვს, რომ მათ ამ შეკითხვებზე პასუხი არ გააჩნიათ. ყველა მასალა, რაზეც მე ხელი მიმიწვდება, იმაზე მიუთითებს, რომ ეს იყო მკვლელობა. ერთი რამე ვიცი, რომ ყველაფერი ეს ხდებოდა სააკაშვილის უშუალო მითითებით, რომელშიც მას ეხმარებოდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი და სხვა მის გვერდით მდგომი მაღალჩინოსანი. დღეს იმ გვარებით შემოვიფარგლები, რაც გაჟღერდა, - დანარჩენს გამოძიება გასცემს პასუხს", - ამბობს რესპონდენტი.
"გოგლა ჟვანიას თქმით, ოჯახი გამოძიებით კმაყოფილი მხოლოდ მას შემდეგ იქნება, როცა საქმე გაიხსნება. მისივე ცნობით, გამოძიებას საქმის ბოლომდე მისაყვანად საკმაოდ ბევრი საქმეა გასაკეთებელი. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ზურაბ ჟვანიას თანაგუნდელი ელენე თევდორაძეც ამბობს, რომ მისთვის "ეფ-ბი-აის" დასკვნა აქამდეც ცნობილი იყო. "დასკვნის ტექსტი მთლიანად არ მახსოვს, მაგრამ ის სრულდებოდა ასეთი ფრაზით, რომ ამის გამო ადამიანი არ კვდება. რაც შეეხება იმას, რაც გოგლა ჟვანიამ განაცხადა, რომ კონკრეტული ადამიანები დადიოდნენ ქუჩაში და ზურას გარდაცვალებაზე ბინძურ ჭორებს ავრცელებდნენ, ამაზე არაფერი ვიცი, მაგრამ ის, რომ ამ ჭორებს ავრცელებდნენ, ეს ჩემთვის ცნობილი იყო. სხვათა შორის ამ ჭორების გავრცელება ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშივე, შევარდნაძის პერიოდიდან დაიწყეს. შს მინისტრ კახა თარგამაძეს უნდოდა, ასეთი ვიდეო თუ ფოტო გადაეღო სადმე - თვითონ აქვს თარგამაძეს ჩემთვის ნათქვამი, რომ ვერაფრით ვერ გამოვიჭირეო" - აცხადებს ელენე თევდორაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს თარგამაძემ ვერ გააკეთა რადგან ასეთი ფაქტი არ არსებობდა", - წერს სტატიი ავტორი
"ნაცმოძრაობის" წევრი, ზურაბ ჟვანიას ყოფილი თანაგუნდელი გია ბარამიძეც ამბობს, რომ "ეფ-ბი-აის" დასკვნას ახალი მისთვისაც არაფერი უთქვამს - "დასკვნის ნაწილს ჩემთვის არაფერი ახალი არ უთქვამს. კომენტარს ვერ გავაკეთებ ვერც ერთ შეფასებაზე. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ დროულად დაასრულოს გამოძიება, სხვა არაფრის თქმას არ ვაპირებ", - აღნიშნა გია ბარამიძემ. ამ საკითხზე გუშინ კომენტარი ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმაც გააკეთა. ელჩის თქმით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დასკვნა გააკეთა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი გახადა საქართველოს მთავრობამ. თუ საქართველოს მთავრობას აქვს ახალი ინფორმაცია და მიაწვდის მას "ეფ-ბი-აის", მაშინ ფედერალური ბიურო მზადაა, რომ ეს მასალაც გამოიძიოს, ამბობს ნორლანდი. მისი თქმით, ამერიკული მხარე მზადაა სხვა სახის დახმარებაც აღმოუჩინოს საქართველოს, ისევე როგორც ეს აქამდე ხდებოდა", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"ამ თემაზე გუშინ კომენტარი პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა და ზურაბ ჟვანიას კიდევ ერთმა თანაგუნდელმა ხათუნა ხოფერიამაც გააკეთა. ხოფერია ითხოვს, რომ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ დაამტკიცოს, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ნამდვილად "ეფ-ბი-აის" დოკუმენტია, რომელიც ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მათ დადეს. "რატომ არ ისმება კითხვები გაბუნიას მიერ გავრცელებულ დასკვნასთან დაკავშირებით?! ვინ მისცა მას?! რა დასკვნაზეა საუბარი?! თუ ასეთი საიდუმლო დასკვნა არსებობდა, მაშინ რა დასკვნას გაეცნენ პარლამენტის წევრები?! რატომ ხდება გაბუნიას მხრიდან რაღაც დოკუმენტის გაუთავებელი ფრიალი?! თუ სხვა გასაიდუმლოებული დასკვნა არსებობდა, რატომ იყო შეცდომაში შეყვანილი საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური ორგანო?!" - კითხულობს ხოფერია. მისივე აზრით, როგორც კი დასაბუთდება, რომ პრემიერ-მინისტრი იყო მოკლული, ეს შეფასდება, როგორც სისტემური, სახელმწიფოებრივი დანაშაული და ასეთ შემთხვევაში დაისჯება არა მარტო კონკრეტული მკვლელი, არამედ სისტემა. დაისჯება სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფლება - ეს მათ იციან და ამიტომ არის, რომ ასე თავგამოდებით იბრძვიან", დაასკვნის ხოფერია, რომელიც თვლის რომ "იქ უკვე ერთი და ორი დამნაშავე ნამდვილად არ იქნება", - დასძენს სტატიის ავტორი.