ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილებაში საქმის წარმოების სპეციალისტი ნანა გელაშვილი, რომელიც მანამდე ახალციხის გაერთიანებული ბაღების დირექტორი იყო, 11 თებერვალს სამსახურიდან გაათავისუფლეს.
როგორც ნანა გელაშვილი "სამხრეთის კარიბჭესთან" აცხადებს, მას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ახალციხის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა ნინო მიქაბერიძემ აცნობა. მისივე თქმით, მიქაბერიძემ გათავისუფლების მოტივად ადგილობრივ მედიასთან ურთიერთობა დაასახელა.
"მოვიდა ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ნინო მიქაბერიძე და მითხრა, რომ მედია ჩემით იყო დაინტერესებული, ამიტომ სამსახურში აღარ უნდა მივსულიყავი. მხოლოდ და მხოლოდ ამ მოტივით, მედიასთან ურთიერთობის გამო სამსახურიდან გამათავისუფლეს. ჩავალაგე ჩემი ნივთები და წამოვედი", - ამბობს ნანა გელაშვილი.
გელაშვილი ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში 2013 წლიდან მუშაობდა.