იხილეთ ასევე: რა მოუყვა ალენ დელონმა ქართველ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების შესახებ
თოჯინა და პეპე
"წლეულს შენ 70 წელი შეგისრულდებოდა. ძალიან მენატრები.
იმიტომ, რომ ჩვენ დავინიშნეთ 50 წლის წინ.
იმიტომ, რომ ჩვენ ერთად გავცურეთ ფილმში "აუზი" 40 წლის წინ.
იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა.
იმიტომ, რომ ჩვენ ბედნიერი ვიყავით ერთად - და უბედური, როცა დევიდი გარდაიცვალა.
იმიტომ რომ ეს ვიყავით მე და შენ - სწორედ ამიტომ". - ამ სიტყვებით გაიხსენა რომი შნაიდერი ალენ დელონმა, 2008 წელს, ფრანგული ოსკარის სეზარის დაჯილდოებაზე. XX საუკუნის ულამაზესი წყვილის ურთიერთობის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. მამაკაცური სილამაზის სიმბოლოდ მიჩნეულმა ალენ დელონმა და ულამაზესმა რომი შნაიდერმა, დიდი წვლილი შეიტანეს XX საუკუნის მსოფლიო კინემატოგრაფიაში და ერთმანეთისადმი საოცარი სიყვარულით, თავადაც მოახერხეს შეექმნათ სევდიანი და ტრაგიკული "სიყვარულის ისტორია". ის მართლაც ფილმივით დასრულდა რომი შნაიდერის გარდაცვალებასთან ერთად. დღეს ალენ დელონი 77 წლისაა, მისი თქმით, რომი შნაიდერი მის გულსა და მოგონებებში ცხოვრობს.
* * *
ფრანგი მსახიობი ალენ დელონი, რომლის სრული სახელი და გვარია ალენ ფაბიენ მორის მარსელ დელონი, 1935 წლის 8 ნოემბერს, პარიზის გარეუბან სოში დაიბადა. მამა კინოდარბაზის დირექტორი იყო, დედა - ფარმაცევტი. ალენი სამი წლისაც არ იყო, როცა მშობლები გაიყარნენ. რვა წლისა პანსიონში მოხვდა, საიდანაც უდისციპლინობის გამო პერიოდულად აგდებდნენ. ალენ დელონს კლასიკური თეატრალური განათლება არ მიუღია. დედამ და მამობილმა მისთვის ყასბის პროფესია შეარჩიეს. 16 წლისა ველოსიპედით და კრივით ერთობოდა, დადიოდა კინოში. 17 წლის ალენი ინდოჩინეთის პირველ ომში მოხვდა, სადაც მისი თქმით, სამხედრო სამსახურის ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით 11 თვე გაატარა ციხეში უდისციპლინობის ბრალდებით. ალენ დელონი ამბობს: "ომმა საშინელება დამმართა, ილუზიების ნარჩენები და იმედების ნაგლეჯები ჩამიკლა. იქ სამუდამოდ დავტოვე ბავშვობა". 1956 წელს ალენი პარიზში დაბრუნდა. დღისით გაზეთებს არიგებდა, ხანაც მიმტანად მუშაობდა. ერთ დღესაც ბედმა გაუღიმა და ქუჩაში "ტალანტებზე მონადირე" ჰარი უილსონს გადაეყარა, რომელიც შვიდწლიანი კონტრაქტის გაფორმებას შეჰპირდა. ამის შემდეგ ფრანგმა რეჟისორმა ივ ალეგრემ მეორეხარისხოვან როლზე მიიწვია. ალენმა ეს შანსი გამოიყენა, მან განგსტერის როლი შეასრულა ფილმში "როცა ქალი ერევა" და ამით კინოკარიერა დაიწყო.
ალენ დელონისგან განსხვავებით, რომელმაც კარიერის დაწყებამდე და აღიარებამდე ცხოვრების რთული გზა განვლო, ულამაზესი რომი შნაიდერი ბავშვობიდან დიდების მწვერვალზე იყო. გერმანული წარმოშობის მსახიობი რომი შნაიდერი, რომელმაც მაყურებელს ნიჭიერებითაც დაამახსოვრა თავი, 1938 წლის 23 ოქტომბერს ვენაში, მსახიობთა ოჯახში დაიბადა. 14 წლის რომი დედასავით მსახიობობაზე ოცნებობდა. 15 წლისას ოცნება აუსრულდა და მისი დებიუტი მოეწყო. რომიმ ორ წელიწადში უკვე ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ფილმით "სისი: იმპერატორის მძიმე წლები" (1957 წელი).
XX საუკუნის ულამაზესი წყვილის გზები 1958 წელს, ფილმ "ქრისტინას" გადაღებებზე გადაიკვეთა, როცა რომი შნაიდერმა უარი თქვა ფილმ "სისი: იმპერატორის მძიმე წლების" სერიების გაგრძელებაზე და "ქრისტინას" გადაღებებს დათანხმდა. ფილმის რეჟისორი პიერ-გასპარ იუტი დაჰპირდა რომის, რომ ლამაზ და ახალგაზრდა მეწყვილეს შეურჩევდა (საინტერესოა, რომ რომიმ ამ ფილმში ჰონორარი 75 მილიონი ფრანკი მიიღო,
ალენმა კი მხოლოდ 300 ათასი). ფოტორეპორტიორთა ალყაში მოქცეული ალენ დელონი რომის პარიზის აეროპორტში ელოდა ყვავილებით ხელში, რომლებიც არც კი იცოდა როგორ უნდა სჭეროდა. როგორც კი თვითმფრინავი დაეშვა, ალენი რომისკენ გაემართა. რომის დედისთვის უკითხავს: "ვინ არის ეს ყმაწვილი?" მან უპასუხა: "ალენ დელონი უნდა იყოს - შენი პარტნიორი". ამის მეტი არაფერი მომხდარა, მაშინ არც სიყვარულის ელდა სცემიათ. მეტიც, ფილმის გადაღებების დროს ისინი ხშირად ჩხუბობდნენ. რომი ზედმეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს, იგი პარტნიორზე ამბობდა: "ჩვენ შორის ძნელია საერთო ენის გამონახვა.
არავინ აიტანდა გერმანიაში საქმისადმი ისეთ დამოკიდებულებას, როგორიც მას აქვს". რომი ასევე იხსენებდა: "პარიზში გავიცანი ნამდვილი ალენი, ეკლიანი, იმპულსური, მოუხეშავი ჭაბუკი, რომელიც ჯინსსა და პერანგს არ იშორებდა, სულ აგვიანდებოდა გადაღებებზე, მთელ ქალაქს უვლიდა თავისი "რენოთი" და არაჩვეულებრივ ამბებს ჰყვებოდა..."