გაზეთ "პრაიმ თაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სუზარ სუბარი, თბილისის მერობის ყოფილ კანდიდატს, ნიკა მელიას არასრულწლოვანის გარდაცვალების საქმეში აკისრებს პასუხიმგებლობას.
საქმე ეხება დევნილებითა და სოციალურად დაუცველი პირებით დასახლებულ ობიექტს, საიდანაც თბილისის მერია გამოსახლებას ცდილობდა. სუბარის თქმით, განსახლების პროცესს ხელი ნიკა მელიამ შეუშალა და სწორედ ამის გამო, ვერ მოხერხდა ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება.
"ხმაური იყო, რადგან მომივარდებოდა ხოლმე ნიკა მელია, იყვირებდა და წავიდოდა. ყველა იმ ადამიანმა, ვინც გამოსახლდა, საკუთარი ნებით დატოვა საცხოვრებელი, რადგან მოვახდინეთ კონკრეტული ობიექტის გარემონტება. ამ პროცესს ხელს უშლის ის, რომ კონკრეტულ ობიექტებში, დევნილებთან ერთად, არიან სოციალურად დაუცველებიც. ისინიც გაჰყავდა თბილისის მერიას, მაგრამ, ისევ და ისევ, ხელის შეშლის გამო, ეს ვერ მოხერხდა. სამწუხაროდ, ამას მოჰყვა ტრაგედია, შენობაში ცეცხლი გაჩნდა და ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, მეორე მძიმედ დაშავდა, ასევე სერიოზული დამწვრობა მიიღო ოჯახის უფროსმა. ძალიან მაინტერესებს, გრძნობს თუ არა ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ნიკა მელია, რომ არა მისი პოლიტიკური წარმოდგენა, დღეს ის ბავშვი ცოცხალი იქნებოდა და მისი ოჯახი მერიის მიერ უსაფრთხო ადგილას იქნებოდა გაყვანილი. მაინტერესებს, ერთხელ მაინც მივიდა ამ ოჯახთან? მიუსამძიმრა მაინც? სინდისის ქენჯნას არ განიცდის ამ ტრაგედიაზე? რა თქმა უნდა, გამოსახლების პროცესი ყველგან ხავერდოვნად ვერ მოხდება. არის კატეგორია, რომელსაც, პირველ რიგში, ეკუთვნის ბინა, მაგრამ იმის გამო, რომ სხვამ უფრო "იშუსტრა": და დროზე ადრე შეიჭრა ობიექტში, იქმნება პრობლემა. სწორედ ეს შეჭრილი ხალხი ითხოვს სასწრაფოდ დაკანონებას და აქციებსაც მართავს, მაგრამ არ დავუკანონებ! მე ვიქნები მტყუანი იმ ათეულობით ადამიანის წინაშე, რომელიც ყოველდღე სიკვდილს შეჰყურებს, რადგან ნგრევად ობიექტებში ცხოვრობს", – ამბობს გამოცემასთან საუბრისას სოზარ სუბარი.