კახეთში სეტყვასაწინააღმდეგო საცეცხლე პოზიციების მშენებლობა მიმდინარეობს, სარაკეტო დანადგარების მონტაჟი კი მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება. სულ რეგიონში 83 ერთეული ასეთი წერტილი განთავსდება და რვავე მუნიციპალიტეტს მოიცავს. სისტემის პირველი სატესტო სროლები აპრილის ბოლო რიცხვებში გაიმართება, სრულ ფუნქციონირებას კი ზაფხულიდან დაიწყებს.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მშენებლობას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" ახორციელებს.
"სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტების საშუალებით ღრუბელში სეტყვის კრისტალების დაშლა ადრეულ სტადიაზე ვერცხლის იოდიდის გაფრქვევით ხდება. შესაბამისად, გარემოზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არანაირ უარყოფით ზემოქმედებას არ ახდენს. რაკეტების რეაგენტი შემოწმებულია და გამოიყენება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. სისტემის დაფარვის ზონაში შედის მთლიანი კახეთის რეგიონი. ინდივიდუალური საცეცხლე-სარაკეტო სისტემების მოქმედების რადიუსი კი შეადგენს 8 კმ-ს. სისტემის მოწყობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 14,7 მილიონი ლარი. მისი ამოქმედების შემდეგ კახეთის რეგიონში სეტყვისაგან მიყენებული ზარალი 85-95%-ით შემცირდება", - ამბობს "დელტას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი თამარ გვარიშვილი.
იხილეთ ვრცლად