მარჯანიშვილის ქუჩაზე, ალექსანდრე ნეველის ეკლესიის ეზოში, ტაძრის უკანა მხარეს, ალბათ შეგვიმჩნევია, რომ ყოველთვის ხალხმრავლობაა, ადამიანები მამა ვიტალის (სიდორენკო) საფლავთან მიდიან, სანთლებს ანთებენ, ლოცულობენ და მამა ვიტალის შემწეობას სთხოვენ, რომელმაც სიცოცხლეში დაიბარა: "მოდით ჩემს საფლავთან, თქვენს გასაჭირზე, როგორც ცოცხალს მომიყევით და დაგეხმარებით". ამიტომაც არის, რომ ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში, მის საფლავთან, არ წყდება მომლოცველთა ნაკადი. როგორც ამბობენ, ზოგიერთს გამოსცხადებია კიდეც და ნუგეშიც უცია... აღნიშნულ ადგილზე მისული მორწმუნეებისგან საოცარ ამბავსა თუ ისტორიას მოისმენ, რომ მამა ვიტალი მათ პრობლემების დაძლევაში ეხმარება, შემწეობას უჩენს. ისინიც მუდმივად სტუმრობენ და საკუთარ გასაჭირზე ესაუბრებიან... ჰოდა, ამიტომაც იქ მისულები მუხლმოყრილები ლოცულობენ...
მამა ვიტალის ცხოვრების გზა
1992 წელს, თბილისში, სამოქალაქო ომის დროს, ერთი სქემარქიმანდრიტი დიდ ღვაწლში იყო: დღეებს მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა, წყალსა და პურზე გადადიოდა, უამრავ სანთელს ანთებდა, ცივ ქვაზე მუხლმოყრილი ლოცულობდა და საქართველოს ავედრებდა, უფალს სიმშვიდეს შესთხოვდა. ეროვნებით რუსი იყო, მაგრამ ძალიან უყვარდა ქვეყანა, რომელშიც მსახურებდა...
ვიტალი სიორენკო კრასნოდარის მხარეში 1928 წელს დაიბადა. როდესაც დედა (შემდგომში - მონაზონი), მასზე ფეხმძიმედ იყო, უფალს ევედრებოდა: "ღმერთო, ისეთი შვილი მომეცი, შენც სათნო გეყოს და ხალხსაც". რომ დაიბადა, მერვე დღეს, ტაძარში მიიყვანეს. მოძღვარმა, წესისამებრ, საკურთხეველში შეიყვანა. ჩვილისგან თურმე საოცარი მადლი გადმოვიდა. გაოცებულმა მოძღვარმა ბავშვი წმიდა ტრაპეზზე დააწვინა, მერე კი მშობლებს უთხრა, - დიდი ადამიანი გახდებაო... ხორცის ჭამა ჯერ კიდევ ჩვილს აუკრძალავს, ოთხშაბათ-პარასკევს რძესაც არ აკარებდა პირს. კითხვა რომ უსწავლია, მისი საყვარელი წიგნი სახარება იყო. ზარების რეკვას რომ გაიგონებდა, ტაძრისკენ გარბოდა.
მეშვიდე კლასში ნეკრასოვის "რკინიგზის" წაკითხვა უთხოვიათ, მას ასე წაუკითხავს: "სამყაროს მართავს მეფე დაუნდობელი. ეს მეფე სტალინია". მის რელიგიურ "დანაშაულს" პოლიტიკურიც მიემატა და სკოლიდან გარიცხეს. 16 წლის ვიტალიმ საბჭოთა კავშირის პასპორტი დახია, რადგან ბერობის სურვილი ჰქონდა... ერთი პერიოდი წმიდა სერგის ლავრაში ცხოვრობდა, მაგრამ იქ მისი უსაბუთოდ გაჩერება აღარ შეიძლებოდა, ამიტომ გლინის უდაბნოში წასვლა ურჩიეს, სადაც დიდი მამები მოღვაწეობდნენ. მათგან ვიტალიმ სიმდაბლე, მორჩილება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული ისწავლა. მალე მისი იქ დამალვა შეუძლებელი გახდა და მოძღვრის კურთხევით, ტაგანროგში გადავიდა, სადაც მორწმუნეები შემოიკრიბა. მათთან ერთად ფეხით მოილოცა რუსეთის სიწმინდეები. ხშირად იჭერდნენ, სცემდნენ, შეურაცხყოფდნენ. იმ საშინელ ყოფაში ტუბერკულოზიც დაემართა. თურმე საავადმყოფოში ღამე იქ მყოფი მძიმე ავადმყოფებისთვის ლოცულობდა. სასწაულის წყალობით, მაშინ ვიტალი გადარჩა.
კომუნისტური რეჟიმისგან მოსალოდნელი იყო, რომ გლინის უდაბნო დახურულიყო, ამიტომ მამებმა ვიტალი ბერად აღკვეცეს და აფხაზეთის მთებში გაუშვეს. იმ პერიოდში იქ ბევრი ბერი მოღვაწეობდა. სულიერ ძმებს შეუყვარდათ ვიტალი და მასაც უყვარდა ისინი. ისეთ სიმდაბლეს მიაღწია, ყველაფრისთვის უღირსად მიაჩნდა თავი, ამიტომ საჭმელს, სასმელს, საწოლს, სამოსს ყველაზე უბრალოს ეტანებოდა... 1969 წელს მთებში უკვე სახიფათო იყო მისი დარჩენა – მაშინდელმა მილიციამ რამდენჯერმე დაარბია იქაურობა. ბერებმა აკურთხეს მამა ვიტალი და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, სადაც იმხანად მიტროპოლიტი ზინობი მაჟუგა მოღვაწეობდა (მისი აღკვეცილია ბერად უწმიდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II). ვიტალიმ ალექსანდრე ნეველის ტაძარში დაიწყო მსახურება. 1976 წელს მღვდლად აკურთხეს... მერე დიდუბეში, ერთ პატარა ქოხში დასახლდა. მიტროპოლიტ ზინობის კურთხევით, მისი სახლი მონასტრად იქცა.
თურმე ძალზე ჰყვარებია მამა ვიტალის ქართული ღვთისმსახურება, გალობა, დიდად აფასებდა ქართველ წმინდანებს. უხაროდა საქართველოში რწმენის აღორძინება, "რუსეთს კი სძინავს!" - სინანულით ამბობდა. მისთვის საქართველო ყოველთვის "წმინდა ივერია" იყო. ომი 30 წლით ადრე იწინასწარმეტყველა. მეტისმეტად განიცდიდა ამ ძმათამკვლელ საშინელებას, წუხდა ქართველების შინაომის გამო. თბილისს ყოველ საათს ოთხივ კუთხივ აკურთხებდა და უფალს მის დაცვას ევედრებოდა.
ჯერ კიდევ აფხაზეთის ომამდე, რამდენიმე წლით ადრე, ყველას აფრთხილებდა: "იქნება მიწაზე საშინელი სისხლისღვრა, ძმათა კვლა, შიმშილი. ნუ გადააგდებთ საჭმელს, რადგან მაშინ ნარჩენებითაც კმაყოფილი იქნებით. შეიცანით საკუთარი თავი და გაიგეთ, რომ რაც სამყაროში ხდება, ჩვენი ბრალია, ჩვენი ცოდვებისა". საქართველოდან წასვლის კურთხევისთვის რომ მივიდოდნენ მასთან, უარს ეუბნებოდა: "არ არის ეს ღვთის ნება! თქვენს ადგილას უნდა იდგეთ და ღმერთი თვითონ მოვა თქვენთან".
მასთან ნუგეშის მისაღებად მთელი ქვეყნიდან მოდიოდნენ. მოძღვართან შესვლისას ლოცულობდნენ და კურთხევას სთხოვდნენ, ის კი პასუხად მუხლს მოიდრეკდა მლოცველის წინაშე, ხელზე ეამბორებოდა და კურთხევას იქით სთხოვდა. ცხოვრებაზე მოწუწუნეებს ანუგეშებდა: "ამქვეყნად არაფერია რთული. თუ ადამიანები გეყვარება და გულწრფელად ეცდები მათ დახმარებას, ცხოვრება გაგიიოლდება".
ძალზე მკაცრი იყო მათ მიმართ, ვინც სასულიერო პირებს განიკითხავდა: როცა მღვდელი მსახურებას აღავლენს, ის ცეცხლის ალს ჰგავს. საკუთარი თავის დანახვა რომ შეეძლოს, ამხელა პატივისა თავადვე შეეშინდებოდა;
როდესაც დადგა მისი ამქვეყნიდან გასვლის ჟამი, ვინაიდან ავადმყოფობდა, სულიერ შვილებს დაუბარა, მუდამ უწმინდესის გვერდით მდგარიყვნენ. 1992 წლის 1 დეკემბერს აღესრულა. მიცვალებულს წესი უწმინდესმა და უნეტარესმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აუგო. როცა მამა ვიტალისთვის მიტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ ხელში, ყველამ დაინახა, როგორ გაშალა ხელი გარდაცვლილმა, ფურცლის ჩადების შემდეგ კი ისევ მომუჭა "მონაზონთა ცრემლების გამო კუბოდან ხელს გამოვიწვდი", - გაახსენდათ დედებს მამა ვიტალის ნათქვამი.
1992 წლის 5 დეკემბერს მისი უწმინდესობის კურთხევით, მამა ვიტალი წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღასრულებდა, რომელმაც ქადაგებაში ბრძანა:
"დღეს ჩვენ უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ უდიდეს ხუცესს, სქემარქიმანდრიტ ვიტალის. ვინც მას იცნობდა, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა, იცის, რაოდენ წმიდა იყო ამ გასაოცარი ბერის ცხოვრება...
ვაცილებთ მას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მამა ვიტალი მარადჟამს ჩვენთანაა და იმისათვის, რომ ყველას ყოველდღიურად გვქონდეს სულიერი ნუგეში, გადავწყვიტეთ, იგი წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში დავკრძალოთ. ეს ყველას მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ხშირად მივიდეთ მასთან, მივიღოთ მისი კურთხევა. ისევე, როგორც სიცოცხლეში, იგი ყოველთვის დაგვეხმარება ჩვენ. უფალმა დააწესოს მისი სული მართალთა სანახებში. გვახსოვდეს, რომ ეს ერთ-ერთი იმ ხუცესთაგანია, რომლებიც განსაცდელის ჟამს სიყვარულით მიიღო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრმა ღვთივკურთხეულმა ივერიამ..."