ერთია, რომ მოკლეს ადამიანი და მეორეა, რომ ეს უბინძურესი ვერსია შეთითხნეს, - ამის შესახებ გოგლა ჟვანიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" სატელეფონო ჩართვისას მისი ძმის, ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცავლების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
"რაც შეეხება დელიკატურ თემებს, რომლებზეც წინა ხელისუფლებამ დუმილი არჩია, ისინი ამ საკითხზე არასდროს დუმდნენ. მაქსიმალურად ცდილობდნენ, საზოგადოებაში გაევრცელებინათ ეს აზრი და ეს საზოგადოებაში მუსირებდა. არაერთხელ უსაუბრია ამაზე სააკაშვილს, მისი პრეზიდენტობის ბოლო პეროდში და მას შემდეგ, რაც მან ხელისუფლება დაკარგა. ამაზე "ნაციონალური მოძრაობის" არაერთ წარმომადგენელს უსაუბრია", - აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.
მისივე თქმით, მას ამ თემაზე საუბრის პრობლემა არ აქვს. "მე ეს ვიცოდი 2004 წლიდან. ეს იცოდა ნინომ, ზურას მეუღლემ. ეს იცის დედაჩემმაც და ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით. პირდაპირ გეტყვით, რა დელიკატურ მომენტებზეა საუბარი, იქ დადგმული იყო სცენა, რომ ამ ადამიანებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდათ. ეს სცენა იყო დადგმული. ეს არ არის ახალი არავისთვის, არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახისთვის. ეს არის ის, რასაც წინა ხელისუფლება დგამდა, თითხნიდა და ახლა ცდილობს, რომ ამით გადაფაროს ის გამოძიების პროცესი, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ჩავარდა ამ ისტერიკაში იმიტომ, რომ გამოძიება სწორი გზით მიდის. "ვინ დადგა ეს სცენა, როგორ დადგა, ეს ყველაფერი გამოაშკარავდება და ამაზე ადამიანები სერიოზულ პასუხს აგებენ. ერთია, რომ მოკლეს ადამიანი და მეორეა, რომ ეს უბინძურესი ვერსია შეთითხნეს. მე გარანტიას გაძლევთ, რომ ამაზე პასუხს აგებენ", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
ასევე იხილეთ: "ჟვანიას საქმის ნაწილის გასაიდუმლოება ოჯახის წევრების თანხმობით მოხდა" - მურთაზ ზოდელავა