თბილისში, დიდ დიღომში მდებარე 186-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე თანაკლასელები მძიმედ დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" 186-ე სკოლის დირექტორმა , მაია გრიგოლიამ განუცხადა, შემთხვევა დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა.
მისივე ინფორმაციით, 186-ე სკოლის მე-10 კლასელი ბიჭები დანით არიან დაჭრილები. დირექტორის ცნობით, ეჭვმიტანილის ვინაობა უცნობია, არსებობს ეჭვი, რომ დანაშაული ამავე სკოლის მოსწავლემ ჩაიდინა, რომელიც მიმალულია.
"ორი ბავშვია დაჭრილი. მძიმე მდგომარეობაში არიან. ვინ დაჭრა, - ეს არ ვიცით. იაშვილის კლინიკაში იმყოფებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ვიცი, ერთი კონტაქტურია, მეორე- არა. ფილტვის და მუცლის არეში არიან დაჭრილები, ორივეს ზურგიდან აქვთ ჭრილობები", - აღნიშნა მაია გრიგოლიამ.
მისივე ინფორმაციით, პოლიციამ დაჭრილების თანაკლასელები დაკითხა. დაჭრილები რეანიმაციაში იმყოფებიან, მათი დაკითხვა ვერ მოხერხდა. დირექტორის ცნობით, შემთხვევის მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.