შესაძლოა, ძალიან მალე სატელევიზიო რეკლამების სიმრავლემ თავი აღარ მოგაბეზროთ. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინიციატივით შევიდა, პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. ტელე და რადიო სივრცეში კომერციული რეკლამის განთავსებაზე ახალი რეგულაციები წესდება.
მოქალაქეების უმეტესობას საყვარელი გადაცემის ყურების დროს სარეკლამო ჭრები არ მოსწონს.
ცვლილებების თანახმად, კი 2015 წელს სარეკლამო ჭრა იქნება არაუმეტეს 15 წუთისა ერთი საათის განმავლობაში. 2016 წლიდან კი, სარეკლამო ჭრისათვის ერთი საათის განმავლობაში გამოყოფილი დრო შეიძლება 12 წუთამდეც შემცირდეს. მოქმედი კანონმდებლობით, მაუწყებლებს სარეკლამო დროისთვის მთლიანი სამაუწყებლო ბადის 20 პროცენტი აქვთ გამოყოფილი, მაგრამ უფლება აქვთ ეს დრო საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენონ. შესაბამისად, სატელევიზიო რეკლამის დიდი ნაწილი ე.წ. პრაიმ ტაიმში ხვდება. ახალი რეგულაციით, 20%-იანი შეზღუდვა ძალაში რჩება, თუმცა, ის შეეხება არა 24-საათიან ბადეს, არამედ ყოველ საათს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში სარეკლამო ჭრისთვის საათში მხოლოდ 15 წუთი ექნება.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ აუცილებელია კანონით განისაზღვროს კომერციული რეკლამის ზღვარი სამაუწყებლო საათის განმავლობაში.
ახალმა რეგულაციებმა შესაძლოა, რეკლამაზე ფასის გაზრდაც გამოიწვიოს, თუმცა მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ თუ მაუწყებელი გონივრულად იმუშავებს, ეს მის შემოსავალზე ნაკლებად აისახება.
კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტი უკვე საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს. როგორც კანონპროექტის ინიციატორები აცხადებენ, შესაძლოა მასში ცვლილებები კიდევ შევიდეს. მათივე ინფორმაციით, მაუწყებლის შესახებ კანონის ცვლილება ევროდირექტივებმა განაპირობა.
რუსუდან ობოლაშვილი
AMBEBI.GE