პროკურატურის ვერსია, რომ კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანმა ირაკლი ფირცხალავამ ხუბულოვზე შურისძიების მოტივით მოაწყო სპეცოპერაცია, სოდ-ის ყოფილი უფროსის, ირაკლი კოდუას ყოფილი მოადგილის, კახა მისირელის ჩვენების საფუძველზე განვითარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მკვლელობის საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა განუცხადა, მისირელი ერთ-ერთი მოწმეა, რომელმაც აღნიშნული ჩვენება პროკურატურას მისცა. შესაბამისად, მისირელი სხვა პირებთან ერთად პროკურატურის იმ მოწმეთა ნუსხაშია, რომლებიც აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის დროს დაიკითხებიან.
ბრალდების მხარის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, კახა მისირელის გარდა, კიდევ ვინ მისცა მსგავსი ჩვენება გამოძიებას. პროკურატურის მასალების მიხედვით, კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას ძმის ნარკოდანაშაულის შესახებ ინფორმაცია სოდ-ს კორტების სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთმა გარდაცვლილმა ალექსანდრე ხუბულოვმა მიაწოდა, რის საფუძველზეც ირაკლი ფირცხალავას ძმა ლევან ფირცხალავა დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, სწორედ ამის გამო, ირაკლი ფირცხალავამ იძია შური ხუბულოვზე, რომელიც კორტების სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილთან ერთად მოკლეს.
"ინტერპრესნიუსი"სიახლე!
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.