"MAGTICOM, არ დავიღლები თქვენი "დათაგვით". ნამუსი გაქვთ????????!!!!!!!", - ამ სტატუსს თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი მაგდა პოპიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს. მისი აღელვების მიზეზი "მაგთიკომის" სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვით, კომპანიამ კორპორატიულ კლიენტებს ინტერნეტპაკეტი გაუუქმა.
"გაცნობებთ, რომ 2014-2015 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შეძენილი ინტერნეტ, SMS და წუთობრივი პაკეტები გაგიუქმდათ. შეიძინეთ ახალი პაკეტები 2015-2016 წლის ტენდერით გათვალისწინებული პირობებით. ფასები უცვლელია", - ეს არის ის შეტყობინება, რომელიც კომპანიამ გაავრცელა.
მაგდა პოპიაშვილის სტატუსს მალევე მოჰყვა სოციალური ქსელის მომხმარებელთა გამოხმაურება. მათი კომენტარებიდან ირკვევა, რომ კორპორატიული კლიენტების დაზარალება მხოლოდ ინტერნეტ-პაკეტის გაუქმებით არ ამოწურულა და მომხმარებლებს ის თანხაც ჩამოეჭრათ, რომელიც მათ ახალი ინტერნეტ-პაკეტების შესაძენად გადაიხადეს.
"...რაც მთავარია, ხალხს დღეს აყიდინეს ახალი ინტრნეტპაკეტები და ისიც კი ჩამოაჭრეს", - წერს "მაგთის" კიდევ ერთი დაზარალებული კლიენტი ნათია ლეშკაშელი, რომელსაც კიდევ ერთი დაზარალებული, ოთო ნემსაძე ეთანხმება: "სამარცხვინო კომპანიაა!!! ჩემი საკუთარი ფულით ნაყიდიც კი ამახიეს!!!!".
ინტერნეტმომხმარებელთა რიცხვი, რომელიც გასული 24 საათის განმავლობაში "მაგთის" უპასუხისმგებლობაზე საუბრობდა, საკმაოდ დიდია.
შეგახსენებთ, რომ უახლოესი მონაცემების მიხედვით, "მაგთი" არა მხოლოდ რეპუტაციას, არამედ მომხმარებლებსაც კარგავს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, "მაგთის" აბონენტების რაოდენობა, 2014 წელს ყოველთვიურად იკლებს, ხოლო "ბილაინის" და "ჯეოსელის" - იმატებს. რაც შეეხება შემოსავლებს, 2014 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, მობილური კომპანიების შემოსავლებმა ჯამში 36, 451, 629 ლარი შეადგინა. აღნიშნული კი ასე გადანაწილდა: "მაგთიკომი"- 15, 560, 421 ლარი, "ჯეოსელი" - 13, 667, 027 ლარი, ხოლო "ბილაინი" 7, 067, 433 ლარი.