ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი და გადაცემა "ვის უნდა 20 000?"-ის წამყვანი მამუკა გამყრელიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ორად გაყოფილი ქართული საზოგადოების პრობლემაზე წერს.
"ჩემი ანტინაცი მეგობრების "ფეისბუკგვერდებს" რომ გადავავლებ თვალს და მერე ანტიქოცებს გადავხედავ, თვალს მჭრის ერთი რამ, ჩვენ ერთმანეთის სრულიად არ გვესმის. მათაც და ჩვენც, ჩვენ ჩვენი არგუმენტები გვაქვს და საწინააღმდეგო აზრს არც კი ვისმენთ, არა თუ ვაანალიზებთ. ამ სიტუაციიდან მე გამოსავალს ვეღარ ვხედავ. ორად გახლეჩილი საზოგადოების დაახლოების შანსები ნელ-ნელა ქრება. საბოლოოდ, ყველაფერი შეიძლება სავალალო დაპირისპირებით დამთავრდეს, რაც ქვეყანას კვლავ ქაოსში ჩააგდებს და დიქტატურამდე მიიყვანს. რუსებს ინტერვენცია აღარც დასჭირდებათ ჩვენს გასასრესად, თავად გამოვიჭრით ყელს. მარტო მე მაწუხებს ეს ამბავი? თუ ვამუქებ ფერებს?
P.S. აღარ ვიხმარ სიტყვებს "ნაცი" და "ქოცი", რადგან რაიმე იდეის ან ვინმეს მომხრეები საქართველოში ერთეულები დარჩნენ. ძირითადად კი ვხედავ მხოლოდ დესტრუქციაზე მომართულ "ანტინაცებს" და "ანტიქოცებს".
P.P.S. სამწუხაროდ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ნებსით თუ უნებლიედ, ამ პროცესს უწყობენ ხელს", - წერს გამყრელიძე.