დავით სერგეენკო "ჰალსტუხის გარეშე" - მინისტრის ადამიანური ისტორიები

დავით სერგეენკო "ჰალსტუხის გარეშე" - მინისტრის ადამიანური ისტორიები

მინისტრები, ჩინოვნიკები, საჯარო უწყების თანამდებობის პირები, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, რომლებსაც ჩვენს მიერ გადახდილი თანხით ვინახავთ, დროებით ვქირაობთ. "ჩვენგან გათავისუფლების" შემდეგ, მათი ნაწილი ძველ საქმიანობას უბრუნდება, ზოგი უკეთეს სამსახურს შოულობს, ხშირად კი მოხვეჭილი კეთილდღეობით ტკბება.

საჯარო სტრუქტურებში დასაქმებული თანამდებობის პირები ზოგჯერ დიდ, შავ ჯიპებთან, ესკორტთან, პრემიებთან და სახელფასო დანამატებთან ასოცირდებიან. ნეგატიური ინფორმაციების ფონზე, Ambebi.ge თანამდებობის პირების ადამიანური ისტორიების შესახებაც გიამბობთ, რაც ზოგადი სურათიდან გამომდინარე, უჩვეულოდ აღიქმება...

მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შესახებ თვითმხილველები ბევრ ადამიანურ ისტორიას ყვებიან. ცნობილია, რომ პროფესიით ექიმი საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლებსა და ჟურნალისტებსაც კი სამედიცინო რჩევებს აძლევს და პირად კონსულტაციებს სთავაზობს.

ერთ-ერთი მათგანი პიერ კარდენის ჰალსტუხის ცნობილი ისტორიაა, რომელმაც მინისტრის ყელიდან დაშავებული მოქალაქის ფეხზე გადაინაცვლა.

მინისტრი თავდაცვის სამინისტროს მიერ გამართული ავიაშოუს სანახავად მიდიოდა, როდესაც მოსკოვის გამზირზე, ქვეითად მოსიარულე მთვრალ მოქალაქეს, დენის ახმედოვს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით საცობმა მინისტრის ავტომობილიც შეაფერხა. სერგეენკომ შეჩერების მიზეზი გაიგო თუ არა, მანქანიდან გადავიდა და მრავლობითი სახის დაზიანებების მქონე დაშავებულს სისხლდენა ფეხზე ჰალსტუხის გადაჭერით შეუჩერა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს მინისტრმა პაციენტის მდგომარეობისა და ჩატარებული პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ბრიგადას დაშავებული გადააბარა.

ახლა პიერ კარდენის მუქ, შინდისფერ-შავი ქსოვილის ჰალსტუხს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სიგელებისა და თასების გვერდით ინახავენ.

სამედიცინო განათლება და უნარ-ჩვევები გამოიყენა მინისტრმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე სამების ტაძარში. როგორც ყვებიან, ტაძრის შუა გულში მოქალაქე შეუძლოდ გახდა, ჩოჩქოლი ატყდა, რაზეც პირველადი დახმარების გასაწევად მინისტრი მაშინვე გაეშურა. თვითმხილველების მონათხრობით, სერგეენკოს უკან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გაყვა, რომელსაც ასევე სამედიცინო განათლება აქვს მიღებული.

ერთი შეხედვით შეუმჩნეველი, მაგრამ დაკვირვებული თვალისთვის შესამჩნევი რამ მოხდა ღუდუშაურის კლინიკის ეზოში გამართული წვრთნებისას. სანახაობაში ვერტმფრენი და სასწრაფო დახმარების მანქანები მონაწილეობდნენ. მინისტრმა მძღოლს რაღაც ანიშნა და საავადმყოფოს ფანჯრებისკენ მიუთითა. ცოტა ხანში მინისტრის მითითებით მძღოლმა სასიგნალო მოწყობილობა გამორთო, რადგან წვრთნებისგან გამოწვეულ ხმაურს პაციენტები არ შეეწუხებინა.

მოქალაქეებს მინისტრი ხშირად უნახავთ სიტუაციაში, სადაც სერგეენკოს კონკრეტულ შემთხვევაში პრივილეგიების გამოყენებაზე უარი უთქვამს. მაგალითად, აღდგომის მეორე დღეს, მინისტრი მუხათგვერდის სასაფლაოზე ფეხით მიმავალი ნახეს, როცა "ძალაუფლების გამოყენებით, თავისუფლად შეეძლო მოეთხოვა" და გადაკეტილი გზის მიუხედავად, საპატრულო ეკიპაჟს გაეტარებინა.

მარტოდმარტო, გაფუჭებულ მანქანასთან ნახეს მინისტრი რიკოთის უღელტეხილზე.

"წყალი აუდუღდა და სულ ტყუილად ჩავყურებდი ახდილ "კაპოტს" კარგა ხანი. თან მეცინებოდა ჩემს თავზე. დახმარებას 40 წუთი ველოდი (კურსელმა მომაკითხა ქუთაისიდან). მანქანა მზეზე იდგა, გზის პირას და სალონში ძალიან ცხელოდა! გადმოვიდოდი, მანქანები ჩერდებოდნენ და დახმარებას მთავაზობდნენ. გავისტუმრებდი მადლობით, ჩავჯდებოდი მანქანაში და 5 წუთზე მეტს ვერ ვძლებდი სიცხეში, გადმოვიდოდი და ისევ ჩერდებოდნენ მანქანები, ისევ გავისტუმრებდი, ჩავჯდებოდი და... მოკლედ იმ 40 წუთში 5-6-ჯერ ჩავჯექი და გადმოვედი და იყო გადმოსვლა-მადლობები-ჩაჯდომა, ისევ გადმოსვლა, ისევ მადლობები..." , - მისი თავგადასავლის შესახებ უამბო "კვირის პალიტრას" დავით სერგეენკომ.

სიმპატიებისა და კეთილგანწყობის ფონზე, ყველაზე დიდი რისხვა, წყენა და აღშფოთება დავით სერგეენკოს რეცეპტების ინსტიტუტის ამოქმედების გამო დაატყდა. მაშინ უწყებამ და მისმა ხელმძღვანელმა საზოგადოების დიდი ნაწილის გულისწყრომა გამოიწვია.

და ბოლოს, ცნობილია, რომ ჯანდაცვის მინისტრი მთავრობის სხდომაზე ყველაზე ადრე, ნახევარი საათით ადრე მიდის. ჟურნალისტებს კომენტარზე უარს არ ეუბნება და რაც ყველაზე მეტად საგულისხმოა, მედიის წარმომადგენლებს უცდის კიდეც, რათა მათ სხვა მინისტრი არ გაექცეთ. ჟურნალისტები ხშირად "ძნელად დასაჭერ მინისტრს" წერენ, ამ დროს კი სერგეენკო მათ ელოდება და კომენტარს მოგვიანებით იძლევა.

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა