"ასეთ პირობებს ვერავინ უძლებს, ამიტომ თითქმის ყოველ კვირა ახალ-ახალი სტაჟიორები მოდიოდნენ"
საქართველოში სტაჟიორების ანაზღაურების გარეშე მუშაობა სამწუხაროდ, არავის უკვირს. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ამას ემატება მძიმე სამუშაო პირობები და არასათანადო დამოკიდებულება დამსაქმებლის მხრიდან. საგულისხმოა, რომ სტაჟიორების მიმართ არასათანადო დამოკიდებულებას ადგილი აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
მარი, 22 წლის: "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის სპეციალისტის ფაკულტეტი მაღალი შეფასებით დავამთავრე, რის შემდეგაც ჩემი პროფესიული კოდის მიხედვით დავრეგისტრირდი. რაც იმას ნიშნავს, რომ სტაჟირება ჩემი პროფესიით უნდა გამევლო. პირობა ასეთი იყო - 6-თვიანი სტაჟირება შემდგომი დასაქმების პერსპექტივითა და 500-ლარიანი ანაზღაურებით. ყოველ შემთხვევაში, საჯარო სამსახურის ვებგვერდზე სწორედ ასე ეწერა. აღმოჩნდა, რომ ბიბლიოთეკაში გამანაწილეს, სადაც ამიხსნეს, რომ ბიბლიოთეკის საქმეები შემესწავლა. ვიფიქრე, ჩემთვის საჭირო და საინტერესო ლიტერატურას მაინც წავიკითხავდი, მაგრამ ასე არ მოხდა - ყველაფერს ვაკეთებდით წიგნებით სარგებლობის გარდა, ვარიგებდი ფლაერებსა და მოსაწვევებსაც. თუმცა, "სტაჟირება" ამით არ ამოწურულა - უზარმაზარ, გაყინულ დარბაზში, სადაც დილიდან საღამომდე ფეხზე დგომა მიწევდა, ფაკულტეტებისა და სპეციალობებისთვის საჭირო წიგნები უნდა გადამემოწმებინა. როცა ვიკითხე,- ამის გაკეთება მე და ჩემნაირ სტაჟიორებს რატომ გვევალებოდა, - მითხრეს, რომ ესეც ბიბლიოთეკის საქმეებში შედიოდა. ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ ცოდნის და გამოცდილების თვალსაზრისით, ვერაფერი შევიძინე და დროც დავკარგე. შემეძლო ეს დრო სხვა რამისთვის გამომეყენებინა, თუნდაც ფასიანი სტაჟირება გამევლო.
ქეთი, 30 წლის: "ერთთვიანი სტაჟირება გავიარე ერთ-ერთი ქსელურ მარკეტში და მივხვდი, რომ საქართველოში სტაჟიორად მუშაობა მონობის ან სულაც ნებაყოფლობითი ტრეფიკინგის ტოლფასია. ვაკეთებდით ყველაფერს, დისტრიბუტორის მიერ შემოტანილი პროდუქციის საწყობში ჩატანით დაწყებული, დახლებზე მისი განთავსებით დამთავრებული. მავალებდნენ მაცივრებისა და დახლების დასუფთავებას. ყველგან კამერები იყო დაყენებული და დაჯდომის უფლებაც კი არ მქონდა. სტაჟიორს ისე უყურებდნენ, როგორც მუქთა მუშახელს. ასეთ პირობებს ვერავინ უძლებს, ამიტომ თითქმის ყოველ კვირა ახალ-ახალი სტაჟიორები მოდიოდნენ".
წაიკითხეთ გაგრძელება