"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "თავისუფალი თაობის" ხუთი წევრი დააკავეს. დაკავებულთა შორის არის "თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი. დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც "თავისუფალი თაობის" წევრებმა, მათ შორის ლადო სადღობელაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ეზოში მდგარი ბანერი, წარწერით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წითლად შეღებეს.
სადღობელაშვილის დაკავებამ პროტესტი გამოიწვია მის თანაგუნდელებში, რის შემდეგაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან კი "თავისუფალი თაობის" აქცია გრძელდება.
როგორც "თავისუფალი თაობის" წევრები აცხადებენ, ისინი აპროტესტებენ "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებებს, რომ ქართველი მებრძოლები უკრაინის ომში წავიდნენ. "ნუ ხოცავთ საკუთარი ინტერესების გამო ქართველ მებრძოლებს. მოუწოდეთ ომში წასვლისკენ საკუთარ შვილებს", - აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.